აურელიო დე ლაურენტისი: კვარაცხელიას გარემოცვას ახალი კონტრაქტის თაობაზე ვესაუბრე… მითხრეს, რომ – არ ინერვიულო, კვარა აქ ბედნიერიაო

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი საკუთარ თავს ადანაშაულებს გასულ ზაფხულს ლუჩანო სპალეტის წასვლის გამო და დასძენს, რომ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებას ელოდა…

ამას გარდა, “პართენოპეის” პრეზიდენტმა ხანგრძლივ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა ს კონტრაქტზე, საკუთარ გადაწყვეტილებებზე, “ნაპოლის” ცუდ შედეგებზე…

“მზად ვარ, პასუხისმგებლობა ავიღო საკუთარ თავზე, მაგრამ გარწმუნებთ, სპალეტის კარგი კონტრაქტი ჰქონდა, ისეთივე, როგორიც ადრე რაფა ბენიტესს…

მე გამოვიყენე ვარიანტი, რომელიც ცალმხრივი იყო. მქონდა უფლება, გამეაქტიურებინა წერილობითი კომუნიკაციით და ასეც მოვიქეცი…

გასული წლის იანვარი და თებერვალი შესანიშნავი იყო, მაგრამ მარტიდან დაიწყო კრიზისი. კვარაცხელიამ, გასული სეზონის ყველაზე დიდმა სიურპრიზმა, მარტიდან ნოემბრამდე ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა. ასეთი მასშტაბის მოთამაშის “ამოვარდნამ” არ შეიძლება პრობლემები არ შექმნას…

ალბათ, სპალეტიმ ჩათვალა, რომ გუნდისთვის ყველაფერი გაიღო. მაგრამ მე არ ვარ მის თავში და არ ვიცი, ზუსტად რა ამოძრავებდა. ჩემი აზრით, ის ფიქრებით უკვე ნაკრებში იყო, მაგრამ ამას ვერ დავამტკიცებ…

ტიაგო მოტა იყო შესაძლო შემცვლელთა შორის, მაგრამ რომში 6-საათიანი შეხვედრის დროს მან თქვა, რომ აპირებდა იტალიიდან წასვლას და სხვა გუნდის გაწვრთნას, მაგრამ მე არ შემიძლია ამ ინფორმაციის გამჟღავნება…

ლუის ენრიკეს სამი დღე ვესაუბრე, მაგრამ საბოლოოდ მან პსჟ აირჩია… საერთოდ, იმედგაცრუებული ვიყავი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით, რადგან მის მოგებას ველოდი…

რაც შეეხება კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტს, დავურეკე სამის თვის წინ მის გარემოცვას და შევხვდით ჩემს ოფისში. დავწერე, რისი გაკეთებაც მინდოდა, როგორ უნდა გაგვეგრძელებინა კონტრაქტი და მითხრეს, რომ – არ ინერვიულო, კვარა აქ ბედნიერიაო. სეზონის ბოლოს ისევ ვისაუბრებთ”, – ციტირებს დე ლაურენტისს “ტუტონაპოლი”.

ასევე დაგაინტერესებთ