ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელმა, ესპანურმა კომპანია Aqualia-მ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისა და საოპერაციო სისტემების აუდიტი დაასრულა, რომლის შედეგებსა და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი” ზურა ალფაიძემ, ჯივიპის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორმა და გიგა ნადირაძემ, აქტივების მართვის დირექტორმა ისაუბრეს.
სისტემური აუდიტის შედეგებმა აჩვენა, რომ დღეს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია და საჭიროებს როგორც მყისიერ რეაგირებას, ასევე განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებასა და მასშტაბურ ინვესტიციას.
“წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურის აუდიტის შედეგად გამოიკვეთა ქსელზე დაზიანებების გამომწვევი მთავარი პრობლემები და კრიტიკული მონაკვეთები. ჯივიპის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის სირთულე უპირველესად განპირობებულია წყალმომარაგების სისტემის ხანდაზმულობითა და მასშტაბურობით.”- განაცხადა გიგა ნადირაძემ, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორმა.
აუდიტის შედეგებმა აჩვენა, რომ
· ხანდაზმულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების 62% და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების 85%.
· 2022 წელს წყალმომარაგების ქსელზე აღრიცხულია 18 000-ზე მეტი, ხოლო წყალარინების ქსელზე 17 000-ზე მეტი ავარიული დაზიანება.
· თბილისში, წყალმომარაგების ქსელზე ყოველ 100 კმ-ზე 415 ავარია ფიქსირდება, რაც ევროპულ ქვეყნებში ავარიების ინდექსის მაჩვენებელს მინიმუმ 8-ჯერ აღემატება (ევროპაში ავარიების ინდექსი 100 კმ-ზე 50-ია).
· მნიშვნელოვანი ხარვეზებია საოპერაციო მიმართულებითაც, რაც გულისხმობს: ავარიის მართვის რთულ პროცესს, მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიას, ავარიების მოგვარებისთვის არასაკმარის ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს, ქსელების პრევენციული მონიტორინგის სისტემის გაუმართობას.
აუდიტის შედეგების გათვალისწინებით, კომპანიამ წარადგინა განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვისის შექმნას.
გეგმის განხორციელების ფარგლებში, შემცირდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე ავარიების რიცხვი, შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვების ხანგრძლივობა და გათიშვის არეალი, გაიზრდება ქსელების განახლების ინდექსი, ასევე გაიზრდება ოპერატიულობა, გამარტივდება და გაციფრულდება სამომხმარებლო სერვისები.