სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა, რომელიც სამინისტრომ 2018 წლიდან დაიწყო, მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების უზრუნველყოფისათვის, თუმცა არსებული სისტემა შეიცავს ნაკლოვანებებს.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად, უწყვეტი სამედიცინო განათლება არ არის სავალდებულო ყველა მიმართულების პერსონალისთვის და განსაზღვრულია მხოლოდ ზოგიერთი სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისათვის.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით დაბალია პროფესიულად აქტიური ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებზე როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო ნაწილში.
„2021 წლის მდგომარეობით, 2018-2021 წლებში 17,632 ექიმიდან უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 43%-მა;
პერინატალური და ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების უსგ-ის ქულების შეფასება არ ხდება ყოველწლიურად. შესაბამისად, დაბალია უსგ-ის პროგრამაში მათი ჩართულობა, კერძოდ: 2018-2021 წლებში, დაწესებულებებში მომუშავე მეან-გინეკოლოგებიდან ყოველწლიურად, საშუალოდ, 37% არ იყო ჩართული უსგ-ის პროგრამაში, ხოლო ნეონატოლოგებიდან, საშუალოდ, 23%. 2020-2021 წლებში, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებისა და რადიოლოგების საშუალოდ, 69%-ს არ ჰქონდა მოპოვებული უსგ-ის წლიური კრედიტქულა;
დაბალია 2021 წელს სტაციონარულ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების უსგ-ის პროგრამებში ჩართულობა და ყოველწლიურად განსაზღვრული კრედიტქულების დაგროვების მაჩვენებელი. აღნიშნულ სპეციალისტთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 1,601-ს, მათგან, უსგ-ის წლიური კრედიტქულა კი დააგროვა მხოლოდ 415-მა (26%). 2020-2021 წლებში სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე გადაუდებელი მედიცინის 436 ექთნიდან, არც ერთი მათგანი არ იყო ჩართული უსგ-ის პროგრამებში. ამასთანავე, რეგულირების სააგენტოს მიერ 2020-2021 წლებში 269 დაწესებულებიდან შესწავლილია მხოლოდ 20 დაწესებულება. შედეგად, დანერგილი მექანიზმები არ არის საკმარისი სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე ექიმების მიერ მოპოვებული უსგ-ის კრედიტქულების შესაფასებლად;
უსგ-ის პროგრამების ჩატარების ადგილი ექიმებისათვის არ იყო თანაბრად ხელმისაწვდომი გეოგრაფიული თვალსაზრისით. უსგ-ის პროგრამების დამსწრე 4,606 პირთაგან, 1,590-ის (35%) ფაქტობრივი სამუშაო ადგილი არ იყო თბილისი;
2018-2021 წლებში უსგ-ის პროგრამებში მსმენელის სტატუსის მქონე 11,192 ექიმიდან 512-მა სპეციალისტმა ერთი და იგივე სავალდებულო უსგ-ის პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაიარა 2-ჯერ და აღიარებულ იქნა შესაბამისი კრედიტქულა;
2018-2021 წლების მიხედვით, ჯამში განხორციელებული 757 უსგ-ის პროგრამიდან, 2020-2021 წლებში მონიტორინგი ჩატარდა 108 (15%) პროგრამაზე, ხოლო სავალდებულო 628 უსგ-ის პროგრამიდან − 90 (14%)-ზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს შორის კოორდინაცია სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით არათანმიმდევრულია, ანგარიშში აღნიშნულია, რომ განათლების სამინისტროს ჩართულობა სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების სტრატეგიების შექმნის პროცესში დაბალია.
ამავე დოკუმენტის თანახმად, აუდიტის ფარგლებში გამოიკვეთა სამედიცინო პერსონალის შესახებ ინფორმაციის სისრულესა და სანდოობასთან დაკავშირებული რიგი ხარვეზები.
„ სამინისტროს სისტემაში შექმნილი ახალი საინფორმაციო სისტემა სრულად და ზუსტად არ ასახავს პროფესიულად აქტიური ექიმის შესახებ ინფორმაციას.
უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის შესახებ მონაცემები არასრულადაა ასახული, ხოლო, რიგ შემთხვევებში, შეიცავს უზუსტობებს;
სამინისტროს სისტემაში არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა იმ ექიმების შესახებ, რომელთაც გაიარეს ან/და ესაჭიროებათ პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამის გავლა;
რეგულირების სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას დიპლომისშემდგომი სამედიცინო პროგრამების ფარგლებში ათვისებული კვოტების შესახებ. კვოტების მინიჭება ხდება სამი წლის ვადით და არ მიმდინარეობს მიღებული სპეციალობის მაძიებელთა რაოდენობის შესახებ მონაცემების შეგროვება,“- აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც 2018-2021 წლების პერიოდს მოიცავს.
