ატომურ ელექტროსადგურ “ფუკუშიმა- 1”-ზე რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა

იაპონიაში, საავარიო ატომურ ელექტროსადგურ “ფუკუშიმა-1”-ზე, რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ამის შესახებ იტყობინება იაპონიური ენერგეტიკული კომპანია Tokyo Electric Power (TEPCO).
მოხდა ნიადაგის დაბინძურება რადიოაქტიური ნივთიერებებით. ამ დროისთვის უცნობია, შეაღწია თუ არა დაბინძურებულმა წყალმა ოკეანეში.
TEPCO-ს მონაცემებით, ცეზიუმისა და სტრონციუმისგან სითხის გამწმენდი მოწყობილობის მილიდან დაახლოებით 5,5 ტონა წყლის გამოჟონვა მოხდა.
მისი რადიოაქტივობა 22 მილიარდი ბეკერელია მაშინ, როცა მაქსიმალურად დასაშვები ნორმა 1500 ბეკერელს შეადგენს. წყლის უმეტესი ნაწილის ნიადაგში შეწოვა მოხდა.
კომპანიამ ავარიის ადგილი აკრძალულ ზონად გამოაცხადა. იქ ნიადაგის ზედა ფენა უნდა მოიჭრას და გაიგზავნოს გადასამუშავებლად.
სადგურის ფარგლებს გარეთ, რადიაციის დონის მნიშვნელოვანი მატება არ აღრიცხულა.
2011 წლის მარტში ატომური ელექტროსადგური “ფუკუშიმა-1” დაზიანდა ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად. აფეთქებები იყო სამ ენერგობლოკზე, მოხდა რადიოაქტიური ნივთიერებების ჰაერში გავრცელება. ავარიას მიანიჭეს უმაღლესი – მე-7-ე დონე, ბირთვული მოვლენების საერთაშორისო ნორმის მიხედვით. მიმდებარე ქალაქებისა და დაბების 300 000-ზე მეტი მაცხოვრებელი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. მათ უკან დაბრუნების უფლება მხოლოდ 2022 წელს მისცეს. ავარიის შემდეგ სადგურზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ