ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მისიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ასობით გასროლის ხმა გაიგეს.
მისიის წევრების თქმით, მრავალრიცხოვანი გასროლა – რომელიც ადგილობრივი დროით, საღამოს 10 საათიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა – „უჩვეულო მოვლენა“ იყო.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს საიტზე განთავსებული განცხადების თანახმად, მომდევნო დილით ტერიტორიის დათვალიერებისას, მეხუთე და მეექვსე ენერგობლოკების მახლობლად, მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის მრავალი ვაზნა იპოვეს მიწაზე მიმოფანტული. ნგრევის კვალი – როგორიცაა, ჩამსხვრეული ფანჯრები ან სხვა დაზიანება – არ შეინიშნებოდა.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ინციდენტის დეტალების გამოძიებას აგრძელებს.
„მსგავსი სამხედრო აქტივობა მსხვილ ატომურ ელექტროსადგურზე ან მის მახლობლად, სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა შეშფოთება წლის დასაწყისიდან ბირთვულ ობიექტებთან ახლოს დრონების გამოყენების აშკარა ზრდის გამო და აღნიშნა, რომ ასეთი იარაღი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას.
ბირთვულ ობიექტზე დრონით ნებისმიერი თავდასხმა “შეიარაღებული კონფლიქტის დროს ბირთვული უსაფრთხოების შვიდი არსებითი პრინციპისა” და ასევე, “ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფის ხუთი პრინციპის დარღვევა” იქნება, რომლებიც გენერალურმა დირექტორმა შესაბამისად 2022 წლის მარტსა და 2023 წლის მაისში წარადგინა, ნათქვამია ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში.
ფორუმი
