ასოცირების საბჭო მიესალმა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას და ასევე ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებლის ზრდას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკის წარმატებით გადალახვა, – ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.
ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშემწყობ როლს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში და აღნიშნა მისი დამოუკიდებლობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.
„ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მზაობას, რომ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სავაჭრო ბარიერების გადალახვაში და აღნიშნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელების მნიშვნელობა. ასოცირების საბჭო მიესალმა პრიორიტეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას, აღიარა გეგმის შინაარსთან დაკავშირებით დღეისთვის არსებული კარგი პროგრესი და ხაზი გაუსვა მასში ჩამოთვლილი აქტივობების სათანადო განხორციელების მნიშვნელობას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით.
ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელების დაჩქარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მისი საფლაგმანო პროექტების მეშვეობით, მათ შორის, იმ საერთო ინტერესის მქონე პროექტებისა, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის განვითარებისკენ. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში პარტნიორის როლი, განსაკუთრებით კი მისი სატრანზიტო როლი კასპიის ნახშირწყალბადების რესურსებისთვის.
ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და გამოთქვა სურვილი, მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ ძალისხმევას, გაატაროს აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები და ზომები, განსაკუთრებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რათა დააკმაყოფილოს ევროს ერთიანი გადახდის სივრცის სქემების გეოგრაფიულ არეალში გაწევრიანების კრიტერიუმები”, – აღნიშნულია პრესრელიზში.