ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს გონივრულ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკის წარმატებით გადალახვა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშემწყობ როლს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში და აღნიშნა, სებ-ის დამოუკიდებლობისა და სანდოობის მნიშვნელობა.
ამასთან, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ასოცირების საბჭო მიესალმა ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის რეკომენდაციით განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი იქნება გადადგმული.
„ასოცირების საბჭომ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართ, ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ჩათვლით, და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის ეფექტიანი განხორციელება ხელს უწყობს პირობების შექმნას ევროკავშირთან გაძლიერებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებისთვის, რაც მიმართულია ევროკავშირის შიდა ბაზართან საქართველოს შემდგომი ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციისკენ“, – ნათქვამია ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებას და მის ქმედებებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.