„ასოციაცია ლობისტური ორგანიზაციაა და ყველანი ვთანხმდებით, რომ ვიმუშავებთ იმ საკითხებზე, რაც გვაერთიანებს, მათ შორის ეკონომიკაზე, დასაქმებასა და ბიზნესგარემოზე’’- BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას არ დააფიქსირებს. გადაწყვეტილება ასოციაციამ წევრ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ასოციაცია ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციების მქონე ბიზნესებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს. პოლიტიკურ საკითხზე წევრები ერთიან პოზიციაზე ვერ თანხმდებიან, თუმცა თანხმდებიან ღირებულებებზე, რაც ყველა სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის საერთოა. ეს არის ეკონომიკის ჯანსაღი ფუნქციონირება და ქვეყნის ევროპული გზის გაგრძელება.
,,დეკემბერშიც გვქონდა მსგავსი შეხვედრები და ასეთ შეხვედრებზე კონკრეტული დღის წესრიგის გარეშე ვიკრიბებოდით. ეს იყო ღია დისკუსიები, რომელიც მიმდინარეობდა იმის გარშემო, თუ რა გვაერთიანებს და რისთვის არსებობს ეს ასოციაცია. როგორც იცით, იყო საჯარო მოწოდებები, ზოგი ამას „ბულინგს“ უწოდებს, ზოგიც მოწოდებას, თუმცა ტერმინოლოგიაში რომ არ შევიდეთ უნდა ვთქვათ, რომ იყო საჯარო მოწოდებები და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არის BAG-თან დაკავშირებული მოლოდინები, ბუნებრივია, ასოციაციამაც ამას უნდა უპასუხოს, სწორედ ამ მიზეზით იმართებოდა აღნიშნული შეხვედრები. 100 საკითხი რომ ჩამოწეროთ, რა გვაერთიანებს და რა არის განსხვავება პოზიციებში, ალბათ ვიტყოდით, რომ 99 საკითხია, რაზეც ყველა ვთანხმდებით, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელზეც საბოლოო ჯამში ყველა ერთად შევჯერდით, რომ BAG-ის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ერთიანი პოლიტიკური აზრის არსებობა ასოციაციაში შეუძლებელია. ასობით კომპანია, ფაქტობრივად ეკონომიკის კერძო სექტორის 70-80% საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშია წარმოდგენილი, შესაბამისად, რთულია მოსთხოვო ყველას პოლიტიკურად ერთნაირად იაზროვნონ. თუმცა საკითხები, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით, სათქმელადაც მარტივია და ჩამოსათვლელადაც ძალიან საინტერესოა, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკა და მისი მდგრადობა. თუ ეკონომიკაში არ იქნება სიჯანსაღე, ცხადია ბიზნესი ვერ იქნება წარმატებული. როცა ეკონომიკაზე, ლარის კურსზე და დასაქმებაზე ვსაუბრობთ, ეს არის სწორედ ის პრიორიტეტი, რომელზეც ასოციაციას ერთიანი პოზიცია აქვს. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც ძირითადი ნაწილი ალბათ ვთანხმდებით, ღირებულებითი ნაწილიდან გამომდინარე ისაა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა. საზოგადოებაში დღეს არის ძალიან მკაფიო, მკვეთრი პოლარიზება, რაც არავის არ მოგვწონს. ასევე, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, ქვეყნის განვითარების დასავლური გზა. ჩვენი წევრი კომპანიების დიდ ნაწილი, სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნებიან, დამფუძნებლების და დირექტორების დიდი ნაწილი, მე ვიტყოდი კომპანიების 99%, სწორედ ამაზე ვთანხმდებით, რომ საბოლოო ჯამში, შეიძლება დღეს გარკვეული შეფერხებები ამ [დასავლურ] გზაზე იყოს, მაგრამ ყველა თანხმდება და ყველას აქვს მოლოდინი, რომ მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, რადგან ეს გზა არის შეუქცევადი”- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ამ შეხვედრებიდან კიდევ ერთი შედეგი დადგა. freebusiness პლატფორმის წევრმა ორგანიზაციებმა დღის წესრიგიდან ჩახსნეს საკითხი, რომელიც ბიზნეს ასოციაციის მხრიდან საჯაროდ ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას ითვალისწინებდა. BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ასოციაცია დარჩება მთავარი ფუნქციის მქონე ორგანიზაციად, რომელიც ბიზნესს ნებისმიერ ხელისუფლებასთან ლობირებაში დაეხმარება.
,,საბოლოო ჯამში, ამაზე შევთანხმდით და ძალიან მისასალმებელი იყო, განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც freebusiness პლატფორმას შეუერთდნენ, რომ მოხსნილიყო საკითხი, ასოციაციის ღია საჯარო, საერთო, ერთიანი პოზიციის განცხადების გაკეთებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დარჩეს ლობისტურ ორგანიზაციად, რომელიც ნებისმიერ ხელისუფალთან იქნება ძალიან აქტიურ ინტერაქციაში სწორედ იმ საკითხებისთვის, რისთვისაც ვარსებობთ, ესაა: ეკონომიკა, დასაქმება, ბიზნესგარემო და ა.შ. როგორც იცით, ათობით რეგულაცია და ასობით სტანდარტია, რომელიც შემოდის და ამ საკითხებზე, ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია შესაბამის ადმინისტრაციულ, მარეგულირებელ და საკანონმდებლო ორგანოსთან, რადგან ესაა ის სტრუქტურები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ყველა, მათ შორის ის კომპანიებიც, რომელთა დამფუძნებლებიც შეიძლება ამბობენ, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, ასევე ამბობენ იმას, რომ მოდი ეს თემა დავტოვოთ ასოციაციის მიღმა და ასოციაცია იყოს აქტიურ ინტერაქციაში, როგორც ლობისტური ორგანიზაცია ბიზნეს ინტერესების დასაცავად და იყოს კომუნიკაციაში ნებისმიერ ხელისუფალთან”- განაცხადა ვეფხვაძემ.