ასოციაცია: კერძო საბავშვო ბაღების ღირებულება 20%-მდე გაიზარდა – როგორია ფასი და მოთხოვნა?

კერძო საბავშვო ბაღების ასოციაცია “მნათის” აღმასრულებელი დირექტორის, გიგი სისვაძის განცხადებით, კერძო ბაღების აქტივობის მიმართულებით მზარდი ტენდენციები ფიქსირდება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე განმარტებით, სექტემბრიდან დაახლოებით ღირებულების 20%-იანი ზრდა ფიქსირდება, თუმცა ამის მიუხედავად, მოთხოვნა კვლავ მაღალია.
„კერძო ბაღებზე მოთხოვნა მზარდია. კერძო ბაღების მიმართულებით კარგი პროექტები ხორციელდება, ამასთან ახალი ბაღებიც გაიხსნა და კიდევ ახალი ბაღებიც შენდება. უბრალოდ, გამწვავებული ვირუსების ფონზე, მშობლები დროებით წყვეტენ და აახლებენ ხელშეკრულებებს. ფასებიც სადღაც 20%-მდე გაიზარდა, სექტემბრიდან მოყოლებული და ამ დროისათვის 500 ლარიდან 1500 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ავტორიზაცია-აკრედიტაციის საკითხიც საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, რაც ამცირებს დაბალი რეიტინგის ბაღების არსებობას. აკრედიტაციის მქონე ბაღები ყველა ვარიანტში დააკმაყოფილებენ HACCP-ის სტანდარტებს და უსაფრთხოების სტანდარტებს. აქ ბიუროკრატია უფრო მკაცრდება. ვისაც არ აქვს ბაღები მოწესრიგებული, ვერ გადიან ავტორიზაციის პროცესს და ფუნქციონირება უჭირთ“, – ამბობს კერძო საბავშვო ბაღების ასოციაცია “მნათის” აღმასრულებელი დირექტორი.
ბოლო ცნობებზე დაყრდნობით, გიგი სისვაძე ამბობს, რომ თბილისში ამ დროისათვის დაახლოებით 200-მდე ბაღია რეგისტრირებული. ამასთან დასძენს, რომ ბათუმშიც მზარდია გახსნილი ბაღების ტენდენცია, რომლებიც აკრედიტაციას ეტაპობრივად გადიან.