ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

შრომის ბიულეტენი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით პასუხობს აქტუალურ შეკითხვას – როგორ იმოქმედოს დამსაქმებელმა ორსულობის შესახებ შეკითხვის დასმის გარეშე თუ აკრძალულია კონკრეტულ სამსახურში ორსული ქალის დასაქმება?
სშკ-ის 11(1) მუხლის თანახმად, „დამსაქმებელს უფლება აქვს, მოიპოვოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებასთან და არ არის საჭირო კანდიდატის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შესაფასებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.“
ეს ნორმა დამსაქმებლისა და კანდიდატის ინტერესების დამაბალანსებელია. დამსაქმებელმა უნდა შეკვეცოს თავისი ძალაუფლება – ყველაფერი არ მოიკვლიოს პოტენციური დასაქმებულის შესახებ, არამედ – მხოლოდ აუცილებელი. დასაქმებულმა უნდა წარადგინოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სამუშაოს შესრულებასთან კავშირშია, ხოლო დაუკავშირებელი პერსონალური მონაცემები უნდა დარჩეს გაჟღერების/გაზიარების იძულებისგან თავისუფლი.
მაგალითად, დამსაქმებელს ხშირად უწევს ისეთი დოკუმენტის შემოწმება, როგორიცაა პირადობის მოწმობა ან პასპორტი, რათა დაადგინოს კანდიდატი სრულწლოვანია თუ არასრულწლოვანი. ეს მნიშვნელოვანი ვალდებულებაა დამსაქმებლისა, რომ პრევენციულად იმოქმედოს შრომის კანონმდებლობის დაცვითი ფუნქციების შესაბამისად.
სშკ-ის 10(5) მუხლის თანახმად, „აკრძალულია არასრულწლოვანთან ანდა ორსულ, ახალნამშობიარებ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს შესასრულებლად.“ ამ დებულების დარღვევისთვის დამსაქმებელს ეკისრება პასუხისმგებლობა.
როგორ აირიდოს თავი დამსაქმებელმა კანონის დარღვევისგან, თუ აკრძალულია შეკითხვების დასმა ოსრულობისა და, ზოგადად, ოჯახური მდგომარეობის თაობაზე?
ორსულობის თაობაზე შეკითხვა მიეკუთვნება აკრძალულ და დისკრიმინაციულ შეკითხვებს. აღნიშნულს თავისი ისტორია და ობიექტური საფუძვლები აქვს. რა ბერკეტი აქვს დამსაქმებელს იმოქმედოს ლეგიტიმურად და ზემოაღნიშნული შეკითხვის დასმის გარეშე, რომ არ მოხდეს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალის დანიშნვა/დასაქმება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე?
სშკ-ის 11(6) მუხლის თანახმად, დამსაქმებელს წარმოეშობა ვალდებულება კანდიდატს მიაწოდოს ინფორმაცია დაკავშირებული შესასრულებელ სამუშაოსთან. დამსაქმებელმა ვაკანტური თანამდებობის განცხადების გამოქვეყნებისას, აუცილებლად უნდა მიუთითოს, რომ სამუშაო არის მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი და რომ ამ სამუშაოზე აკრძალულია ორსულის, ახალნამშობიარების, მეძუძურის, არასრულწლოვანის დასაქმება სშკ-ის 10(5) მუხლის თანახმად. ეს ინფორმაცია უნდა იყოს გამოკვეთილი მთელს განცხადებაში. გასაუბრების ეტაპზეც, სასურველია დამსაქმებელმა გამოიყენოს მითითება იმ განცხადებაზე, რაც გამოქვეყნდა და ტექსტი წაუკითხოს ან წააკითხოს თითოეულ კანდიდატს. დამსაქმებელს შეუძლია მიმართოს სხვა გამაფრთხილებელ ან პრევენციულ მეთოდებსაც. ასეთი ყურადღებით გავლილი პროცედურების შემდეგ, თუნდაც მოხდეს ორსული ქალის დასაქმება აკრძალულ სამუშაოზე, დამსაქმებელს წარმოეშობა კანონიერი მოქმედების უფლება ან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების შესაძლებლობა.
შრომის მენეჯმენტი დამსაქმებლის ვალდებულებაა. ამდენად, თავადვე უნდა შეიმუშავოს პრევენციული და გამაფრთხილებელი პოლიტიკა.
მოგვწერეთ, გვკითხეთ
[email protected]
[email protected]
[email protected]