„ასობით საცოდავი კანდიდატი გვყავს“ – მედვედევი რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ სიის გაფართოებას ითხოვს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა თავის Telegram-ის არხზე გაკეთებული მიმართვით ხელისუფლებას „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის გამკაცრებას სთავაზობს.
მისი თქმით, კანონი უნდა გამკაცრდეს ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, რომელიც უცხოეთის აგენტების მიმართ დაუნდობელია.
„ჩვენც უნდა შევცვალოთ კანონი, ავიღოთ საფუძვლად რამდენიმე ამერიკული წესი, მაგალითად, დავაწესოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როგორც ეს არის შტატებში, და თანდათან გავზარდოთ უცხოური აგენტების რაოდენობა. ამის ასობით საცოდავი კანდიდატია, უკეთესად მოძებნეთ“, – წერს მედვედევი Telegram არხზე.
მან ამერიკელებს „თანმიმდევრული ხალხი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „1938 წლიდან ისინი შეურიგებელნი არიან თავიანთი სახელმწიფოს მტრებთან“ ბრძოლაში, „საქართველოს, ყირგიზეთის ან სრულიად ლოიალური რუსული კანონისგან განსხვავებით, რომელიც უცხოელ აგენტებს საქმიანობის ნებას რთავს, მაგრამ სრულიად სამართლიანად, მოითხოვს მათგან გამჭვირვალობას და ხელს უშლის ფარულ უკანონო საგარეო ჩარევას სახელმწიფოს შიდა საქმეებში, მის ეკონომიკაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში“.