ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მზად არის “გადადგეს”, როგორც კი “ოპოზიცია” ე.წ. პარლამენტისა და სხვა სამთავრობო შენობებს დატოვებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“როდესაც ისინი დატოვებენ შენობას, მე დავწერ გადადგომის განცხადებას, შემდეგ კი ახალ არჩევნებზე ვნახავთ, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვთ მათ,” – აღნიშნა ბჟანიამ სოფელ ტამიშში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემთხვევაში დაინიშნება ახალი არჩევნები, რის შემდეგაც ოკუპირებულ აფხაზეთს, დროებით, ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ ის მზად არის, კვლავ მიიღოს მონაწილეობა “არჩევნებში”.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში “ოპოზიცია” რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას აპროტესტებს, რომელიც, მათი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისთვის საფრთხის შემცველია.
მათი შეხედულებით, შეთანხმება გამოიწვევს ფასების ზრდას და ადგილობრივ ბიზნესს დააზარალებს. მათ საკანონმდებლო განხილვის გადადება მოითხოვეს და ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართეს.
გუშინ, 15 ნოემბერს, დემონსტრანტებმა “ძალოვანი სტრუქტურების” წინააღმდეგობის მიუხედავად, ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს. დაპირისპირების შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.