„ასკანელი ძმები“ კახეთში 10 მლნ დოლარის ინვესტიციით სასტუმროს გახსნის – როგორი იქნება Trademark Collection by Wyndham

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში კომპანია „ასკანელი“ Trademark Collection by Wyndham-ის ბრენდის სასტუმროს პირველი ბლოკის გახსნას 2025 წლის გაზაფხულზე გეგმავს.
კომპანიის ინფორმაციით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ დოლარია.
Trademark Collection by Wyndham-ი ორი ბლოკი 106 ნომერს გააერთიანებს, გარდა ამისა, სასტუმროში იქნება სპა ცენტრი და ფიტნეს კლუბი, აუზი, ბარი, კახური ეზო და რესტორანი, ასევე საკონცერტო და საკონფერენციო დარბაზები.
კომპანია „ასკანელი“ კახეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და მის გახსნას 2022 წელს გეგმავდა, თუმცა მისი გახსნა რამდენჯერმე გადაიდო და ბოლო ინფორმაციით ის პირველ სტუმრებს მომავალ წელს მიიღებს.
კომპანია „ასკანელი ძმები“ 1998 წელს დაარსდა. კომპანია ფლობს ასობით ჰექტარზე გაშენებულ ვენახებსა და სამ საწარმოს: კახეთში, გურიასა და თბილისში. კომპანია აწარმოებს 30 დასახელების ღვინოს, ბრენდის, ჭაჭასა და ბრუტს.