უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არც უარყოფს და არც ადასტურებს მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა უკრაინას მისცეს მათგან მიღებული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება, რასაც კიევი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.
მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ზელენსკი გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, დარტყმა სიტყვებით არ ხდება.
„ასეთ რამეს არ აანონსებენ. რაკეტები თავის სიტყვას თავად იტყვიან. აუცილებლად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
17 ნოემბერს, გამოცემებმა New York Times-მა და Washington Post-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას მისცა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, ATACMS-ის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენების უფლება.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ამერიკულ რაკეტებს უახლოეს დღეებში გამოიყენებენ.
გამოცემა Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც უკრაინას მისცეს მათგან მიღებული შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენების უფლება.