“ასეთ გაურკვევლობაში, პანდემიის პერიოდშიც არ ვყოფილვართ”, – ამის შესახებ კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა BM.GE-სთან 2025 წლის პროგნოზებზე საუბრისას განაცხადა.
ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ სანქციები, რომლის გამოცდილებაც ამ დრომდე ქვეყანას არ ჰქონია, იმედია, სხვა სექტორებზეც არ გადავა და ინდივიდებს არ გასცდება.
“პანდემიის დროს, წელი უკვე დაგეგმილი გვქონდა და მარტში მოგვისწრო. მოგვიწია გადაწყვეტილების მიღება, სწრაფად გადაწყობა. შესაბამისად, მალევე მოვახერხეთ გადაწყობა. თუმცა, ახლა იმ პერიოდისგან განსხვავებით, გაცილებით დიდი გაურკვევლობაა, რადგან ეს რეალობა არასოდეს არ ყოფილა. რა გავლენას მოახდენს სანქციები უშუალოდ ეკონომიკაზე, ამის შეფასება ძალიან გამიჭირდება, ან დამძიმდება თუ არა სანქციები…
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სანქციები სხვადასხვა სექტორზე არ გადავა და პიროვნებების დონეზე დარჩება, თორემ კიდევ უფრო რთული იქნება. რადგანაც გაურკვევლობაა და არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა იქნება შემდეგ წელს. შესაბამისად, გვიჭირს დაგეგმვა. დღევანდელი გადასახედიდან უარყოფითი მოლოდინი მაქვს ეკონომიკასთან დაკავშირებით. ლარზე იქნება დიდი წნეხი. არ ვიცი, ჩვენი რეზერვები რამდენად გაუძლებს. აქედან გამომდინარე, წლის პირველი 6 თვე მაინც გამოწვევებით სავსე იქნება. შემდგომ უკვე გარკვეული წარმოდგენა იქნება წლიურ ჭრილში, თუ რასთან გვაქვს საქმე”, – ამბობს ლალაზაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს უფლებების შეზღუდვისა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძირის გამოთხრისთვის ფინანსური სანქციები დაუწესა. 2024 წლის განმავლობაში აშშ-მა გლობალური მაგნიტსკის აქტით დაასანქცირა შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც, ასევე, ფინანსური სანქციები დაუწესდა გდდ-ის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურსა და მირზა კეზევაძესაც. ამასთან, აშშ-მა გასული წლის განმავლობაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, მათი ოჯახის წევრებსა და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს სავიზო სანქციები დაუწესა.