ასეთი ხელშეკრულების საჯაროობის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს – ირაკლი ნადარეიშვილი „იგლ ჰილსთან“ შეთანხმების კონფიდენციალობაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, „იგლ ჰილთან“ გაფორმებული შეთანხმება სწორედ ინვესტორის მოთხოვნით გახდა კონფიდენციალური.
„უფრო მეტად იმის ახსნა გამიჭირდებოდა, ასეთი ტიპის ხელშეკრულება საჯარო რომ ყოფილიყო, რადგან მსგავსი პრეცედენტი უბრალოდ არ არსებობს. ეს არის კომერციული ხელშეკრულება, რომლის გასაჯაროების ინტერესი ვერანაირად ვერ ექნება „იგლ ჰილსს“, რომელიც, როგორც ვიცით, არაერთ ქვეყანაში ოპერირებს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, მსგავსი შეთანხმებების პირობები ვერ იქნება შაბლონური და სტანდარტული პირიქით, არის უნიკალური და შედეგი იმ მოლაპარაკებებისა, რომლებიც პარტნიორებს შორის ხდება ნებისმიერი კომერციული შეთანხმებისას.„ეს არის „იგლ ჰილსის“ მოთხოვნა. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, იქნა კიდეც დაკმაყოფილებული, თუმცა შეთანხმების ძალიან ბევრი დეტალი დღეს არის საჯარო, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ძალიან ბევრ კითხვას უპასუხა იმ დეტალებითა და კონკრეტიკით, რომელიც ამ ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს