ბოლო დროს მაია ასათიანის ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლეა. მას საკუთარი საქმე წამოიწყო, რაც კოსმეტიკური ხაზის წარმოებას გულისხმობს და ახლა მისი ცხოვრების მთავარი საქმე სწორედ ესაა.
მაია არაჩვეულებრივად გამოიყურება და ხშირად ირებს კითხვებს, როგორ უვლის თავს. ამჯერად ტელეწამყვანი სწორედ გამომწერებს პაუსხობს და ამბობს, რომ ყველაზე მეტი კითხვა წონის კლების შესახებაა:
„რამდენსაც უნდა ჩაგჩიჩინებდეს ინტერნეტი, რომ „მიიღე შენი თავი ისეთად როგორიც ხარ“, მერე შეგხვდება ქუჩაში რომელიმე დეიდა, შენზე მსუქანი და გეტყვის – “ვაიმე როგორ გასუქდი, რას გავხარ” – და აქ დამთავრებულია, იმ დღეს ხასიათი გაფუჭებულია…
მომატებული მქონდა 16 კილოგრამი, 70 კგ-ს ვიწონიდი, ახლა კი 50 კილოგრამი ვარ.
დეპრესიულობის მომენტი იყო, როდესაც რუსთავი 2-იდან წამოვედი, დავიწყე უკონტროლოდ ჭამა. ვთქვი, რომ ეკრანზე არ ვარ და რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოვიყურები-მეთქი და გავხდი „ხორციანი“ ქალი.
როდესაც 70 კილოგრამი გავხდი, ვცდილობდი და ვმუშაობდი ჩემს თავთან, რომ ჩემი თავი ასეთად მიმეღო. აკვიატება, რომ აუცილებლად უნდა გახდე, ძალიან მავნე და საშიშია ჯანმრთელობისთვისაც და ფსიქიკისთვისაც, ამიტომ გახდომა აუცილებლად უნდა მოხდეს სპეციალისტის დახმარებით.
თავს შემოვუძახე და დავიწყე ჭარბ წონასთან ბრძოლა შიმშილით – დღის მანძილზე რომ მინიმალურად იკვებები, სულ რომ გშია, მერე რომ ბრაზდები და ისევ იწყებ უკონტროლო ჭამას, ეს რაღაც პერიოდი გაგრძელდა.
და რამ მიშველა? მივედი ენდოკრინოლოგთან. ჩემს შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჰორმონალური დარღვევების ბრალი.
არსებობს უამრავი უსაფრთხო საშუალება, რომლითაც შეგიძლია წონაში დაკლება. საკვები დანამატებიდან დაწყებული, რომელსაც, სხვათა შორის, ვიღებდი. კუჭის ბოტოქსი, რომელიც უსაფრთხოა, ოზემპიკით და ბოლოს ბარიატრიით დასრულებული.
რომ აღარ მომწეროთ, რომ „შენ რა გენაღვლება, გაქვს ამის საშუალება“ და რომ ბარიატრია და ოზემპიკი ძალიან ძვირია, ჩემს ამბავს მოგიყვებით, როგორ გავიკეთე ცხვირის ოპერაცია.
24 წლის ასაკში მომიგროვდა გარკვეული თანხა ცხვირის ოპერაციისთვის, 800 ლარი ღირდა 2000 იანი წლების დასაწყისში. მაშინ ამ ოპერაციის შემდეგ სხვა ადამიანი გავხდი, თავდაჯერებულობა მომემატა.
როგორ დავიკელი 20 კილოგრამი? ენდოკრინოლოგის დახმარებით, საკვები დანამატებით, სმარტ დიეტით და ჩვევის გამომუშავებით, რომ არ მიმეღო ზედმეტი საკვები.
ჩემი რაციონი შედგება ცილოვანი პროდუქტისა და ბოსტნეულისგან.
1.5 თვეა, რაც ეს წონა ვარ უკვე. ვერ წარმომედგინა ამ ასაკში ასეთი ცხოვრება რომ მაქვს გავლილი, თავდაჯერებას კიდევ თუ უფრო მეტად მომიმატებდა ასეთი წონა და კი, მომიმატა. ან მიიღეთ თქვენი თავი ისეთად როგორიც ხართ, ან წადით სპეციალისტთან, არ დაიწყოთ თვითნებური შიმშილი….“, – ამბობს მაია ასათიანი ვიდეომიმართვაში.
მაია ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ტელე-პერსონაა თანამედროვე საქართველოს მედიასივრცეში. მის სახელს არაერთი გადაცემა უკავშირდება.
მაია ასათიანმა ტელევიზიაში კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი გამოჩენა მაყურებელმა გადაცემა “ალიონში” იხილა, რითაც ახალგაზრდა წამყვანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდგომ წლებში იგი აქტიურად ჩაერთო საინფორმაციო ჟურნალისტიკაში. 2000-იანი წლების დასაწყისში მაია ასათიანმა წამოიწყო საავტორო გადაცემა “პროფილი”, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ქართულ ტელესივრცეში. გადაცემაში გაჟღერებული ადამიანური ისტორიები, გულწრფელი საუბრები მაიას ხელწერად იქცა.
მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს… მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ.
რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. “ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელის შემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს”, – ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი.
