მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 1 აპრილს, რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან გამართული კონსულტაციის შემდეგ, მედიისთვის მოწყობილ ბრიფინგზე ისაუბრა “პირველი შეხვედრის შესახებ”. მისი თქმით, “დღეს კოორდინაცია შედგა”, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან მიმართებით.
“მსურს, ის შეჯერებული პოზიციები გაგაცნოთ, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ინდივიდუალურმა პარტიებმა შემდგომ თავისი ხედვები წარადგინონ სხვანაირად, რაც ერთობლივად შეთანხმებული არ იქნება. ეს ასეთი ფორმის კოორდინაციაა, რომელიც დღეს იწყებს მუშაობას. უნდა ითქვას, რომ გუშინდელი პროტესტი ძალიან დიდ იმედს გვაძლევს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა ეს პროტესტი. პროტესტი არსებობს საზოგადოებაში და როდესაც ეძლევა საშუალება, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს, გამოჩნდება. ის არის მუდმივი და არაფერი და ვერავინ ვერ აშინებს ამ პროტესტის მონაწილეებსა და საზოგადოებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა,
მისი სიტყვებით, “კოორდინაციის” წესები ეფუძნება გუშინ, 31 მარტს, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ნახსენებ პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით, წარმოდგენილ “წინააღმდეგობის პლატფორმას”.
სალომე ზურაბიშვილისვე განცხადებით, ევროსაბჭოში 7 აპრილიდან იხსნება სესია, “სადაც იქნება მიღებული საქართველოზე, ალბათ, ძალიან მკაცრი რეზოლუცია”.
“სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე. ალბათ, ასევე ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებულია ამ დღეებში, რომელიც ცდილობს, რომ, ერთ მხრივ, FARA-თი მთელი არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახშოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს გზები იყოს მონახული. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავთვალოთ, რომ იმიტომ, რომ ხელისუფლება იღებს ყოველდღიურად ახალ რეპრესიულ კანონებს, ეს იმის ნიშანია, რომ ის რამენაირად ძლიერდება. არა, პირიქით, ძლიერდება პროტესტი იმიტომ, რომ უფრო მეტი ხალხი ხვდება იმას, თუ რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რა მიმართულებით მიდის, უფრო მეტი ხალხი უერთდება იმ ჩვენს გზავნილს და იმ გზას, რომელიც გუშინ გამოვაცხადე და რომელიც ასახავს აქ შემოსული პარტიების ერთიან პოლიტიკას, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნების გზაზე, მშვიდობიან გზაზე”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე კოალიციის, “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა მედიას, პროდასავლური ოპოზიციის რიგებში პრინციპული თანხვედრაა რამდენიმე საკითხთან მიმართებით, მათ შორისაა სადავო პარლამენტის ბოიკოტირება, აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, მაგრამ შეუთანხმებლად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხი არის ჩვენთვის პრინციპული საკითხი – მასზე სწრაფად უარის თქმა”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.
კოორდინაციის საკითხს თავის ფეისბუკგვერდზე გამოეხმაურა კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და დაწერა, რომ “პარტია “ახალი” ყოველთვის მისცემს შანსს კოორდინაციას და ერთიან ქმედებებს საქართველოს ინტერესებში”.
“მაგრამ ფუნდამენტურ საკითხზე – სრული ართანამშრომლობა რეჟიმთან, მათ შორის: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, არალეგიტიმურ კომისიებში სიარულზე უარი და მსგავს ქმედებებზე მკაფიო და ცალსახა უარის გარეშე, მეტიც, შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარი სწორედ ამ საკითხებზე მკაფიო ჩანაწერის გამო, რასაც მოყვა პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ ერთი კონკრეტული პარტიის (გახარია საქართველოსთვის) უარის გამო, ეს საკითხები საერთოდ არ დაფიქსირებულიყო წინააღმდეგობის პლატფორმის სადამფუძნებლო დოკუმენტში, არ მიგვაჩნია გამართლებულად”, – წერს ნიკა გვარამია.
მისი თქმით, პარტია “ახალი” მზადაა, იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან, “მხოლოდ იმ დათქმით, რომ არ დარჩება არავითარი ბუნდოვანება და სივრცე ინტერპრეტაციისთვის იმგვარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც პოტენციურად შესაძლოა გახდეს ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი”.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმ პარტიების ჩამონათვალი, რომლებიც უერთდებიან სალომე ზურაბიშვილის კოორდინაციით დაანონსებულ “წინააღმდეგობის პლატფორმას”.
“ფედერალისტები, გახარია, ლელო, დროა, თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი, ესენი შემოერთდნენ ახალ ფორმატს პრეზიდენტთან”, – დაწერა მან ფეისბუკის გვერდზე.
თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ ჩამოთვლილი სიის მიხედვით, კოორდინაციას არ უერთდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და “ახალი” და “გირჩი – მეტი თავისუფლება” „კოალიცია ცვლილებიდან“.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ “ნაციონალური მოძრაობა არ ემიჯნება არც ერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, რაოდენ დაბალი არ უნდა იყოს ჩვენი მოლოდინები მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით”.
მისი თქმით, ერთიანი პოზიციები არ არსებობს ოპოზიციაში ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე როგორიცაა “2008 წლის ომის კომისია და პარტიების აკრძალვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები”. ბუკუჩავას თანახმად, სალომე ზურაბიშვილს მყარი პოზიცია ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, “მაგრამ აქაც, შეიცვალა აზრი გახარიას პოზიციის გათვალისწინებით”.
“ვითანამშრომლებთ აღნიშნულ ფორმატთან საკითხების მიხედვით საჭიროების შესაბამისად (ad hoc საფუძველზე). იქნება საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების და საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნამდე? ცხადია, შევუერთდებით ფორმატს. მაგრამ დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია.” – წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი კოორდინაციის საკითხს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ადრეც არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ძალისხმევა პარტიების გაერთიანებისკენ და ერთ პოლიტიკურ ძალად ქცევისკენ არ არის მიმართული, რადგან მათ განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ და მთავარია, ძალების გაერთიანება მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გარდა, სალომე ზურაბიშვილი უკვე თვეებია, შეხვედრებს მართავს სხვა ჯგუფებთანაც. მეხუთე პრეზიდენტი განმარტავს, რომ ცდილობს კოორდინაციას როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე საზოგადოებრივი ჯგუფების, ბიზნესისა თუ ყველა იმ სეგმენტის ჩართულობით, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყონ, მათ შორის – პროტესტის გაძლიერებას და ახალი არჩევნების ჩატარების მიზანს.
ფორუმი
