“ასეთი პროექტების შექმნა დეველოპერებს გამოწვევის წინაშე დააყენებს” – დავით ცირდავა Emaar-ის $6 მლრდ-იან პროექტებზე

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზსნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში Emaar ჯგუფის შემოსვლა მისასალმებელია, რადგან არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი მსხვილი კომპანია მაღალი რეპუტაციითა და ფინანსური გამჭვირვალობით სარგებლობს. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ Emaar ჯგუფის შემოსვლაზე სახელმწიფო რამდენიმე წელია მუშაობს და გაერთიანებისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი იყო.
დავით ცირდავა იმასაც აღნიშნავს, რომ კონკრეტულად გონიოს პროექტის გარკვეული დეტალები მისთვის აქამდეც ცნობილი იყო და Emaar ჯგუფის მიერ მისი შესრულებით პროექტი საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება.
„საქართველოში $6 მილიარდის დაანონსებაზე აჟიოტაჟს არ ავტეხავდი, რადგან უფრო საინტერესოა მაგალითად გონიოს ტერიტორიის განვითარება. ამ პროექტს ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან 2016 წელს Colliers ძალიან კარგი კვლევა ჰქონდა დადებული. შემდგომ ამ პროექტის განახლებაც მოხდა. ბიზნესპალატაში წელიწად-ნახევრის მანძილზე ვცდილობდით მოგვეზიდა ინვესტორი, ფინალურ ეტაპზე მისულებს ინვესტორს ისეთი მოთხოვნები ჰქონდა, რომ მოლაპარაკებებში დადებითი შედეგს ვერ მივაღწიეთ. იქ 10 ჰა-მდე დაჭაობებულია და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე შეიძლება დადგეს, გარკვეული ექსპერტების შეფასებით. Emaar ჯგუფის მაღალრეპუტაციული კონცეფციის პროექტები და მათი შემოსვლა კი ყოველთვის სინქრონშია ბუნებასთან. ის კონცეფცია, რომლითაც ისინი ამ პროექტს წარმოადგენენ, დარწმუნებული ვარ სავიზიტო ბარათი გახდება არამხოლოდ აჭარის რეგიონისთვის, არამედ საქართველოსთვის. შესაბამისად მხოლოდ იმ ლოკაციაზე შეიძლება $1.5 მილიარდი დაიხარჯოს თუ მეტი არა. იმდენად განსხვავებული და კარგი პროექტი იქნება“, – განაცხადა დავით ცირდავამ.
მისივე თქმით, თბილისის პროექტი ცოტა სხვა არის და აქ მეტი დეტალიზაცია მოუწევთ. ის თვლის, რომ ასეთი სახის პროექტების განხორციელება, ადგილობრივ დეველოპერებს გამოწვევების წინაშე დააყენებს.
„მინდა გითხრათ, რომ თბილისის პროექტიც ერთ-ერთი სამაგალითო იქნება. მდინარე მტკვრის გარშემო ასეთი პროექტების შექმნა თავად დეველოპერებს გამოწვევის წინაშე დააყენებს, რომ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი უნდა შექმნან. ეს არის გამოწვევა იმ კუთხით, რომ კონკურენცია იქნება და დეველოპერული მიდგომები შეიცვლება.
როდესაც ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე, ფინანსურად გამჭვირვალე კომპანია შემოდის, ის ისეთი სეგმენტის პროდუქტს ქმნის, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე არ არის გათვლილი. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი უცხოური ინვესტიციები შემოდის და საქართველოთი უფრო მეტად ინტერესდებიან. ქვეყნის ცნობადობაც იზრდება“, – აღნიშნა ცირდავამ.
BCAGC-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფომრაციის გავრცელების შემდეგ ბიზნესპალატას არაერთი პარტნიორი დაუკავშირდა და საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით დაინტერესდნენ.
„ამასთან შემიძლია გითხრათ, რომ Emaar ჯგუფთან დაკავშირებით მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კატარიდან 2 საინვესტიციო კომპანია, ქუვეითიდან, საამიროებიდან ერთი კომპანია თავად დაგვიკავშირდნენ და გვეკითხებოდნენ ჩვენ რა პროექტები გვქონდა“, – ამბობს ის და აღნიშნავს: „დეველოპერულ კომპანიებს შეუძლიათ Emaar ჯგუფთან გარკვეული ფორმით თანამშრომლობა. სახელმწიფომ ის ორი ლოკაცია წარადგინა, რითაც მოიზიდა Emaar ჯგუფი საქართველოში. ამის შემდეგ ძალიან ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება პროექტების განხორციელება.
ჩვენი ბიზნეს პალატის ერთ-ერთ ძირითადი მიმართულება მაღალი რეპუტაციის და ფინანსური გამჭვირვალობის კომპაიების შემოყვანაა. ამ მხრივ სახელმწიფომ თავისი როლი შეასრულა“.