„ასეთი ნავთობბაზა საქართველოში მეორე არ არის“ – SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორი ქიზიყის ბაზაზე

SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ კომპანიის ქიზიყის ნავთობბაზაზე, საწვავის ხარისხზე და ლაბორატორიულ კონტროლზე ისაუბრა.
როგორც ყანჩაველი განმარტავს, ქიზიყის ბაზა ქვეყნის საწვავის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ამარაგებს.
ნავთობბაზის საერთო მოცულობა 10 მილიონ ლიტრს შეადგენს, საიდანაც ნახევარი ბენზინია, ნახევარი – დიზელი.
“ეს არის ჩვენი ქიზიყის ნავთობბაზა, საიდანაც ფაქტობრივად ნახევარი საქართველო მარაგდება. ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთის ნაწილი მთლიანად მარაგდება ამ ნავთობბაზით.
მოცულობით არის 10 მილიონი ლიტრიანი, 10 მილიონი ლიტრა ეტევა ამ ნავთობაზაში. ამის ნახევარი არის ბენზინი, ნახევარი — დიზელი.
ბენზინის პროდუქტს ჩვენ ვიღებთ ძირითადად ევროპიდან. ეს არის საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. ხოლო დიზელის პროდუქტს ვიღებთ ბაქოდან, აზერბაიჯანიდან და ჩვენი ქარხნიდან, რომელიც 2023 წელს გადაიარაღდა. ტექნიკურად იქ დაინერგა ძალიან თანამედროვე ტექნოლოგიები და გადასვლა ევროპულ სტანდარტებზე სწორედ ამ პერიოდს უკავშირდებოდა, როცა მოკლე დროით საწვავის მიწოდება შეწყდა და მაშინაც ევროპული საწვავით ვიმუშავეთ.
ახლა კი ისეთი ხარისხი დაიჭირა ბაქოს ქარხანამ, რომ მართლა საოცარია და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ბაზარზე ასეთი ხარისხის დიზელი არავის აქვს”, – განაცხადა ყანჩაველმა.
მისი თქმით, კომპანიის გეგმებში წლის ბოლომდე ახალი რეზერვუარების მშენებლობაა.
“გეგმის მიხედვით, წელს წლის ბოლოს დავიწყებთ კიდევ 7 მილიონი ლიტრის მოცულობის რეზერვუარების მშენებლობას და რამდენიმე თვეში დავასრულებთ.
ბაზა აღჭურვილია ძალიან თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიური სიახლეებით. ლაბორატორიით, სახანძრო სისტემებით, დაცვისა და უსაფრთხოების სისტემებით და სხვა ყველა იმ კომპონენტით, რაც თანამედროვე ბაზას სჭირდება, ყველაფერი სტანდარტის მიხედვით არის დაცული.
გულახდილად გეტყვით, რომ ასეთი ბაზა საქართველოში მეორე არსად არის”, – განაცხადა ყანჩაველმა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომლის შესახებაც კომპანიის ხელმძღვანელმა ისაუბრა, საწვავის ხარისხის სრული კონტროლია:
“გარდა იმისა, რომ გვაქვს ჩვენი საკუთარი ლაბორატორია და ფაქტობრივად ერთადერთი კომპანია ვართ ამ სფეროში, ვისაც საკუთარი ლაბორატორია აქვს, გვაქვს დაკონტრაქტებული ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები, როგორიცაა “კასპიანი”, ჰოლანდიური “ინტერტეკი” და SGS. სამივე ლაბორატორია ფაქტობრივად გვემსახურება საწვავის ხარისხის კონტროლში”.
მთელ პროცესში საწვავის ხარისხი აბსოლუტურად ყველა ეტაპზე კონტროლდება. თუ რომელიმე ქიმიური პარამეტრი ნორმაში არ არის, საწვავი ვერ მოხვდება ჩვენს ქსელში.
გარდა ამისა, ყოველწლიურად ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე ირეცხება 550-მდე რეზერვუარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რადგან საწვავი არ არის სრულად სუფთა და ამიტომ საჭიროა რეგულარული წმენდა.
სპეციალური კერხერებით და ხსნარებით იხსნდება და ქიმიურად მუშავდება რეზერვუარები, რათა ხარისხი შენარჩუნდეს” – ამბობს ყანჩაველი.
გადაცემის წამყვანის, გიორგი ისაკაძის კითხვას – რატომ არ აქვთ სხვა კომპანიებს მსგავსი ლაბორატორიები – ყანჩაველმა ასე უპასუხა
“ეს არის ძალიან ძვირად ღირებული ინვესტიცია და ფუფუნება.
ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავნერგეთ საკუთარი ლაბორატორია, აღვჭურვეთ უმაღლესი ტექნოლოგიით და წელსაც დავამატეთ ახალი აპარატურა.
პატარა კომპანიებს ეს არ შეუძლიათ, რადგან ეს ფინანსურ, მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს მოითხოვს.
რაც შეეხება ადამიანურ რესურსებს, ჩვენს კომპანიაში დასაქმებულები არიან უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები. ყველა თანამშრომელი ყოველწლიურად გადის ბევრ ტრენინგს და კომპანიის მხრიდან დიდი თანხები იხარჯება მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად”, – განაცხადა ყანჩაველმა BMGtv-ისთან.