პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ შეუძლებელია, მისთვის მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა შეუძლებელია.
ამის შესახებ მან დღეს, 24 ნოემბერს, სასამართლოში ისაუბრა. მელია ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან გარიგებული ნიკა გილაური წინასაარჩევნოდ პარტია „ახალს“ აფინანსებდა იმ პირობით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ გაერთიანდებოდა.
ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას ცილისწამება უწოდა და თქვა, რომ ასეთ ადამიანებთან მას ერთ სივრცეში ვერასდროს ნახავენ.
„ჩვენ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი ბრძოლა იმისათვის, რომ მოკლე ვადაში მოვიპოვოთ გამარჯვება. სამწუხაროდ, ჩვენ წლების განმავლობაში პირიქით ვაკეთებდით, რათა გული არ გვეტკინა ჩვენი თანამოაზრეებისთვის. ჩვენ დავასრულებთ ამ უსამართლობას იმ შემთხვევაში, თუ ვიტყვით, რომ ბრძოლა და წინააღმდეგობა უკომპრომისოა, მაგრამ ფინალი როდის იქნება, 8 თვეში, 9 თვეში თუ 1 წელიწადში, ეს არავინ არ ვიცით. დავიგეგმოთ გრძელი დისტანციისთვის და მაქსიმალურად ვეძებოთ მოკლე დროში დავფაროთ ეს გასავლელი დისტანცია.
კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია ჯგუფებს შორის. რამდენიმე კვირის წინ ოპოზიციიდან ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა [მიხეილ სააკაშვილმა] ივანიშვილზე გარიგებული და გაყიდული მიწოდა, რომელსაც მერე მხარი აუბა მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელმა. შეუძლებელია ჩემთვის ისეთ პოლიტიკოსთან თანამშრომლობა, რომელიც შენ ბრალს გდებს ივანიშვილთან გარიგებაში. იმ ივანიშვილთან, რომელსაც მთელი არსებით ვუწოდებ რუსული რეჟიმის ინტერესების გამტარებელს. ერთხელ ასეთ ცილისმწამებლურ ბრალდებას ისვრის და ბოლოში იტყვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მეგობრულად უნდა ვიცხოვროთო, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერასდროს მნახავთ.
იცით, რომ მასთან დაკავშირებით 2021-2023 წლების პერიოდზე ბევრი მაქვს სათქმელი კონკრეტული ფაქტებით. მიხარია, რომ მისი პარტიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ გაიზიარა მისი პოზიცია, მაგრამ თუკი სიმართლე ოპოზიციიდანვე არ იქნება დაფასებული და თუკი სიყალბე იქნება ყველა ფეხის ნაბიჯზე – „თან გაყიდული ხარ და თან მოდი, ვითანამშრომლოთ“, ეს ვერ მოხდება. მე, ნიკა მელიას, ასეთი ბრალმდებლის გვერდში 1 ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ ვერასოდეს, ერთ სივრცეში და ერთი ფიზიკურ გარემოში ასეთ ადამიანთან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
რა თქვა სააკაშვილმა?
„შარშანდელ არჩევნებზე არენაზე გამოიყვანეს ჩემი ყოფილი პრემიერი, რომელიც, ჩემგან და ჩემი ხელისუფლების 90%-ისგან განსხვავებით, მულტიმილიონერია და მისი სიმდიდრის უმთავრესი წყარო არის მისი ძმის „საქართველოს ბანკი“. ამ ბანკის ინტერესები ბოლომდეა გადახლართული ივანიშვილთან და, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთთან, რომლის ფულს ის რეცხავს – როგორც ახლა საბოლოოდ დადასტურდა, ინტენსიურად ლობირებს ივანიშვილს დასავლეთში.
გილაურმა „თავისი“ ფული ჩადო საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით, რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, მედიაში – იმ პირობით, რომ მინიმუმამდე დასულიყო ჩემი ხსენება. ჩემი ხსენება მართლაც გააქრეს, სამაგიეროდ გილაური გამოდიოდა ყველგან და მუდმივად, ჰყვებოდა, რომ ჩემს დროს ყველა რეფორმა მისი გატარებული იყო და ის არასდროს ყოფილა ენმ-ის წევრი, ოღონდ როცა ჩემს ხელისუფლებაში იყო ჯერ – ენერგეტიკის, შემდეგ – ფინანსთა მინისტრი და საბოლოოდ პრემიერ-მინისტრი და მთავრობაში ფეხი ამოუკვეთა კახა ბენდუქიძეს, დარწმუნებული ვარ, რომ არც იცოდა, რომ არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.
ჩაიარა არჩევნებმა, „მთავარი არხი“ დაიხურა და გილაურიც აორთქლდა და გადაერთო ივანიშვილის ლობირებაზე დასავლეთში. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო „ადგილობრივ არჩევნებშიც“ აამოქმედა ივანიშვილმა ფინანსური ბერკეტები და ახლაც კარგად აცხოვრებს იმ პერსონაჟებს (აბა, რითი ირჩენენ თავს?), რომელთა მთავარი დავალებაა „არა მიშას“ ძახება, თან ისე, რომ ივანიშვილი პრაქტიკულად აღარც ახსენდებათ.
თან უნდა აღინიშნოს, რომ ვინც ამ წლებში ოლიგარქისგან პირდაპირ ან ირიბად იღებდა ფულს, ეს სულაც არ იცავს ასეთ ადამიანებს რეპრესიებისგან, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, ივანიშვილს ყველაზე მეტად არ უყვარს ის ხალხი, ვისაც ფულს აძლევს.
ეს ყველაფერი იმისთვის მოვყევი, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ახლა მაინც გვმართებს ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და გაერთიანება. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას, რომელიც პუტინის ოპონირებიდან გადართულია ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე.
მე, ჩემი მხრივ, არაერთხელ დამივიწყებია სხვადასხვა შეტევა ჩემზე. ახლაც შეგნებულად არ დავასახელე რომელიმე მოქმედი პოლიტიკოსი და მომავალშიც მზად ვარ, გადავხაზო ყველა უთანხმოება და სხვებთან ერთად ვკონცენტრირდეთ მომავალზე.
ტყუილად კი არ დავაწერე საქართველოს გერბს საკუთარი ხელით – „ძალა ერთობაშია“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი 3 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.




