სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის „ყველა ღონეს იხმარს არაბული ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის“. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა წერს, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის განცხადების მიხედვით.
დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, „მხარეებმა მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ, „დაგმეს შეერთებული შტატების ქმედებები და მცდელობები კონფლიქტების გასაჩერებლად ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში“.
„მხარეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის ძალისხმევას, შექმნას საერთაშორისო ურთიერთობების უფრო სამართლიანი სისტემა და გააძლიეროს მრავალპოლარული ტენდენციები გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, ბაშარ ალ- ასადმა „ხაზი გაუსვა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას აფხაზეთისა და სირიის ეკონომიკების განვითარებისთვის“, ხოლო ინალ არძინბამ სირიის ლიდერს აცნობა „პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ძალისხმევის შესახებ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად და ინვესტორებთან აქტიური მუშაობის შესახებ“.
მათ „დაგმეს ისრაელის საჰაერო თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სირიაში“. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების მნიშვნელობასა და „გოლანის მაღლობების დეოკუპაციის შესახებაც“ ისაუბრა.
„მხარეებმა დაგმეს კოლექტიური დასავლეთის მოქმედებები, რამაც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. აღინიშნა ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალურობა, რომლებიც ცდილობენ ჩაერიონ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში მთელ მსოფლიოში. აღინიშნა დიდი საინფორმაციო პროექტების ერთობლივად განხორციელების მნიშვნელობა, მრავალპოლარულობისა და გლობალური უმრავლესობის იდეის მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ასადმა 2024 წელს აფხაზეთში სტუმრობის მიწვევაც მიიღო“.
ამასთან, არძინბასა და ასადის შეხვედრაზე განიხილეს საფეხბურთო გუნდებს შორის „ამხანაგური მატჩის გამართვის პერსპექტივაც“ და ის დადებითად შეაფასეს.
შეხვედრაზე ასადმა „ხაზი გაუსვა აფხაზეთსა და სირიას შორის ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობას განათლების, სტუდენტების გაცვლის, სამეცნიერო თანამშრომლობის სფეროებში“ და ასევე „მხარი დაუჭირა კულტურისა და სპორტის სფეროში ორმხრივი დიალოგის განვითარების პროექტებს“.
არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრები დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის (ConIFA) ფარგლებში იასპარეზებს. ტურნირი 2024 წლის ზაფხულში ერაყის ქურთისტანში გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევ მატჩში ოკუპირებული აფხაზეთი მთიანი ყარაბაღის ნაკრებს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ყარაბაღიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გამგზავრება ვერ შეძლეს.
საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაკრებები რეგულარულად მონაწილეობენ ConIFA-ს ტურნირებში. „აფხაზეთის ნაკრებმა“ სოხუმში 2016 წელს გამართული „არაღიარებულ სახელმწიფოთა“ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2019 წელს სამხრეთ ოსეთის ნაკრები კი “არაღიარებული სახელმწიფოთა” ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
სირიამ 2018 წლის მაისში აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს მთავრობამ ამ ფაქტის გამო სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკში საზეიმოდ გაიხსნა „აფხაზეთის საელჩო“.
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია 2021 წლის მაისში ეწვია სირიას.