„არ უნდა იყოს პენსიასა და დეპუტატის ხელფასს შორის 30-მაგი განსხვავება“ – სტატისტიკოსი

ქვეყანაში არც ისე სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მომავალი წლიდან, საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. დეპუტატებს და სხვადასხვა თანამდებობის პირებს ანაზღაურება იმაზე ბევრად მეტად მოემატებათ, ვიდრე საქართველოში საშუალო ხელფასია.
საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის კანონპროექტი 2024 წლის 7 მარტს 77 ხმით მიიღო. კანონით, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა, მაღალჩინოსნებისთვის მინიჭებული ხელფასის შესაბამისი კოეფიციენტი საჯარო სამსახურში დაწესებულ საბაზისო ანაზღაურებაზე გამრავლდება და მისი ხელფასიც ამის შესაბამისად განისაზღვრება.
მინიჭებული კოეფიციენტების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი 13 300 ლარი იქნება – მინისტრების, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების კი 11 305 ლარი.
ხარჯების ზრდა უკვე გათვალისწინებულია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში. 2025 წლიდან პარლამენტში შრომის ანაზღაურება 10 მლნ-ით 43.9 მლნ-დან 53.9 მლნ-მდე იზრდება.
პარლამენტში ხელფასები ასე განისაზღვრება: პარლამენტის წევრს, რომელსაც არ უკავია საპარლამენტო თანამდებობა, ხელფასი გაეზრდება 3 626 ლარით და განესაზღვრება 8 250 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 260 ლარით და გახდება 10 000 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 100 ლარით და გახდება 9 500 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 2 910 ლარით და გახდება 9 250 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 460 ლარით და გახდება 9 000 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 950 ლარით და გახდება 8 750 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 760 ლარით და გახდება 8 500 ლარი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი ხარჯი 3.9 მლნ-დან 4.3 მლნ ლარამდე იზრდება. მთავრობის ადმინისტრაციაში, 10.6 მლნ-დან 13.3 მლნ-მდე.
ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული ზრდა მოიცავს, საჯარო მოხელეებისთვის ინდექსაციით (10%) გაზრდილ შრომის ანაზღაურებასაც.
როგორც ეკონომისტები მიიჩნევენ, საქმე დიდი უსამართლობასთან გვაქვს. სტატისტიკოსმა გივი მომცელიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები პირების ხელფასი დაბალი არ უნდა იყოს, მაგრამ ღარიბ ქვეყანაში მათი ანაზღაურების ასე ზრდა უკმაყოფილებას იწვევს.
„დიახ, უნდა იყოს მათი ხელფასი მაღალი. მით უმეტეს, ვინც შესაბამისად მუშაობს, რა თქმა უნდა, დაბალ ანაზღაურებას არ უნდა იღებდეს. 150 ადამიანი არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიმღები და შესაბამისად, მივესალმები იმას, რომ მათ ხელფასები კარგი ჰქონდეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან ბევრი სოციალური პრობლემაა, ინფლაციაა, პენსია იზრდება 20 ლარით და ასეთ დროს, დეპუტატების და თანამდებობის პირების ანაზღაურება ასე იზრდება, ეს უსამართლობის განცდას აღძრავს. არ უნდა იყოს თუნდაც პენსიონერის პენსიასა და დეპუტატის ხელფასს შორის 30-მაგი განსხვავება. არ უნდა აკეთონ ისეთი რამ, რაც დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს, ამიტომ რაღაც შუალედია მოსაფიქრებელი.
მიმაჩნია, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი სამართლიანი არ არის, მედიანური ხელფასი უნდა იყოს და ჩავთვალოთ, რომ ეს 30%-ით ნაკლები. ჩემი აზრით, მედიანურ ხელფასზე 5-ჯერ მეტი უნდა იყოს დეპუტატების და თანამდებობის პირების ხელფასი. მოვახდინოთ ამის ინდექსაცია და რაც იქნება 2024 წელს მედიანური ხელფასი, 2025 წელს მისი 5-მაგი ოდენობა იყოს მათი ანაზღაურება.
რა თქმა უნდა, ვიღაცებს იზიდავენ ხელფასით. სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკური სპექტრი არ არის მორალურად და ფინანსურად იმდენად ჩამოყალიბებული, რომ მისთვის 8-9 ათასი ლარი არაფერს ნიშნავდეს. რაღაც მომენტში, ბოიკოტი ბოლომდე რომ არ ამართლებს და პარლამენტში ვიღაცები მაინც შედიან, ამის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ხელფასის ზრდაა. ალბათ, ეს გათვლაც იქნება. მაინც, იდეაში, ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფცია და უსამართლობაა, ამ ღარიბ ქვეყანაში. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა და დაახლოებით 42-43 სახელმწიფო გვისწრებს”, – განუცხადა “რეზონანსს” გივი მომცელიძემ.
საჯარო მოხელეების ანაზღაურება იზრდება იმ პირობებში, როდესაც სწორედ დაბალი ანაზღაურების გამო ქვეყნიდან მაღალია მიგრაცია. არსებობს სხვადასხვა სოციალური პრობლემები. მაგალითად ქვეყანაში საარსებო შემწეობას 647 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, სიღარიბის ზღვარს ქვევით მოსახლეობის 11.8%-ია (2023 წელი).
ვრცლად: resonancydaily.com