ბელგიის სამეფოს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა კომისარიატის განცხადებით, მათ არ მიუმართავთ ქართული დიასპორისთვის, რომ დარეგისტრირებულიყვნენ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
ამის შესახებ კომისარიატმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაში ბელგიაში მცხოვრები ქართველების გვერდ BelGeo-სა და მათზე დაყრდნობით ამ ინფორმაციის გავრცელებაში ნეტგაზეთსაც ადანაშაულებს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ მასალაში არსად ყოფილა ნათქვამი, რომ ბელგიის კომისარიატი ქართველებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისკენ მოუწოდებდა. პირველ ოქტომბერს ნეტგაზეთმა გამოაქვეყნა მასალა, რომ ბელგიის სამეფოს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა კომისარიატის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა არცერთ ქართველ ემიგრანტს და თავშესაფრის მაძიებელს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის ამ ქვეყანაში დარჩენასთან დაკავშირებით.
ნეტგაზეთმა მასალა გამოაქვეყნა BelGeo-ს მიერ გამოქვეყნებულ წერილზე დაყრდნობით, რომელიც გვერდის თანახმად, ქართველმა ემიგრანტმა და აქტივისტმა, ზურაბ ქუტიძემ მიიღო ბელგიის სამეფოს კომისარიატისგან მის კითხვაზე საპასუხოდ.
თუმცა როგორც გუშინ, 24 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა კომისარიატმა განაცხადა, აღნიშნული წერილი ყალბია.
„ამჟამად ვრცელდება პოსტი, რომელსაც ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია BelGeo-ს (https://www.facebook.com/profile.php?id=61559839102804), რომელიც მოგვიანებით გაავრცელა ქართულმა გამოცემა ნეტგაზეთმა, რომელშიც ნათქვამია, რომ CGRS მოუწოდებს ხალხს ქართული თემიდან, დარეგისტრირდნენ საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
ეს არასწორია. CGRS არასოდეს გაავრცელებს ასეთ ინფორმაციას. პოსტში ნაჩვენებია წერილი, რომელიც თითქოს დაწერილია CGRS-ის მიერ. CGRS სრულად ემიჯნება ამ წერილის შინაარსს და ხაზს უსვამს, რომ წერილი არის გაყალბებული.
ამიტომ CGRS განიხილავს შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას“, – აღნიშნულია ბელგიის სამეფოს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა კომისარიატის განცხადებაში.
აღნიშნული განცხადების შემდეგ ნეტგაზეთი კომისარიატს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ზურაბ ქუტიძემ წერილი გააყალბა.
„ეს წერილი არ არის ავთენტური. CGRS არის დამოუკიდებელი ფედერალური ადმინისტრაცია და არ გასცემს ასეთ განცხადებებს ან დოკუმენტებს.
აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ წერილის ავტორმა გამოიყენა ჩვენი ორგანიზაციის სათაური, ლოგო, თანამშრომლის სახელი და ბეჭედი პირადი შეტყობინების გასავრცელებლად“, – განუცხადეს ნეტგაზეთს კომისარიატში.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა ზურაბ ქუტიძესაც, რომელიც არ ადასტურებს, რომ წერილი გააყალბა, თუმცა ამბობს, რომ ამჟამად „ვერ პოულობს“ კომისარიატისგან მიღებულ წერილს.
„ჯერ კიდევ ვერ ვხდები რა ხდება. ფოსტას, რომელიც მივიღე თანდართული პდფ ფაილით, ვერ ვპოულობ. მე არ მაქვს არანაირი ვერსია. არც პრეტენზია ამ უწყების მიმართ. დიდ გაუგებრობაში ვარ. მიღებულ ფოსტას ვეძებ ბოლო ორი საათია და არ მაქვს მიღებულ შეტყობინებებში. სიმართლე გითხრათ არ მაქვს პასუხი ამ სიტუაციასთან მიმართებით“, – განუცხადა ზურაბ ქუტიძემ ნეტგაზეთს.
თავის მხრივ, ბელგიის სამეფოს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა კომისარიატის განცხადებას გამოეხმაურა BelGeo და ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ არაერთმა მედია საშუალებამ და ადამიანმა სწორედ მათი ორგანიზაციის პოსტის მეშვეობით გაავრცელა ყალბი წერილის შინაარსი.
„ჩვენმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტის, ზურა ქუტიძის მიერ მოწოდებული წერილი, რომელშიც თითქოს Cgra წერს, რომ ბელგიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობით არანაირი საფრთხე არ შეექმნებათ. სამწუხაროდ, Cgra-ის ინფორმაციით აღნიშნული წერილი აღმოჩნდა ყალბი და მასში აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ გავრცელებულ პოსტში პირველწყაროდ მითითებული იყო ყალბი წერილის ავტორი, არაერთმა მედია საშუალებამ და ადამიანმა სწორედ ჩვენი ორგანიზაციის პოსტის მეშვეობით გაავრცელა აღნიშნული წერილის შინაარსი. სწორედ ამიტომ გვსურს ბოდიში მოვუხადოთ ყველას, რომ ვენდეთ ამ ადამიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და გავავრცელეთ ის.
ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პიროვნების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის გამო არავინ დაზარალდება“, – ნათქვამია BelGeo-ს განცხადებაში.
