არ მინდა სიმართლე აღმოჩნდეს მოარული შეხედულება, ონკომედიკამენტებზე დეფიციტების ხელოვნურად შექმნასთან დაკავშირებით – მიხეილ სარჯველაძე

ბოლო პერიოდში გვქონდა რამდენიმე მწვავე და მძიმე შეხვედრა მათ შორის აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან დეფიციტები, რაც შექმნილია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ონკომედიკამენტებზე დეფიციტების ხელოვნურად შექმნა და კომერციულ ინტერესი, პაციენტის ინტერესზე უფრო მაღლა დადგა.
„რაც შეეხება დეფიციტებს, რომელიც შეიძლება არსებობდეს ონკოლოგიური მედიკამენტების მიღმაც. სამწუხაროდ, ყველაზე მძიმედ აღქმული არის დეფიციტი ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ამიტომ ხშირად საზოგადოების ინტერესიც ხშირად ონკოლოგიურ მედიკამენტებზე დეფიციტს ეპყრობა, თუმცა შეიძლება დეფიციტი არსებობდეს სხვა მიმართულებებითაც. ამ ყველაფერს აქვს ობიექტური, და ხშირად სუბიექტური მიზეზებიც. არ მინდა სიმართლე აღმოჩნდეს მოარული შეხედულება, დეფიციტების ხელოვნურად შექმნასთან დაკავშირებით. სუბიექტურ ფაქტორში ვგულისხმობ, რომ ბიზნესის ინტერესი აღმოჩნდეს პაციენტის ინტერესზე მაღლა. არ მინდა, ეს სიმართლე აღმოჩნდეს. მაგრამ სამწუხაროდ, არ შემიძლია გამოვრიცხო, რომ ვინმე კომერციულ ინტერესს, პაციენტის ინტერესზე უფრო მაღლა აყენებდეს. ჩემი ამოცანაა, საკითხი ისე ვარეგულიროთ, რომ არავის ჰქონდეს სივრცე იმისთვის, რომ ვინმეს ამის შესაძლებლობა მიეცეს“.
მინისტრის თქმით, ამოქმედდება სისტემა, რომელიც საკითხს დაარეგულირებს და მედიკამენტების მომარაგება ერთ კონკრეტულ მიმწოდებელზე არ იქნება დამოკიდებული. მიხეილ სარჯველაძის თქმით, სისტემის ჩამოყალიბება ჯერჯერობით სამუშაო ფორმატშია, თუ როგორი ფორმით უნდა გაკონტროლდეს, რომ კომერციული ინტერესი პაციენტის ინტერესზე მაღლა არავინ დააყენოს.