„არ მგონია, სავალუტო სესხის ზღვრის გაზრდამ ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინოს” – ფინანსისტი (BMG)

ფინანსისტ ვასილ რევიშვილის შეფასებით, სებ-ის მიერ სავალუტო სესხის ზღვრის გაზრდა, ეკონომიკაზე დიდ გავლენას არ მოახდენს. BM.GE-სთან მარეგულირებლის გადაწყვეტილების შეფასებისას, რევიშვილი გაუფასურებული დოლარის გამყარების პერსპექტივებზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს ვალუტაში სესხის აღება გონივრული გადაწყვეტილება არ არის, იმის მიუხედავად რომ სესხის პროცენტი ეროვნული ვალუტის სესხისგან განსხვავებით დაბალია.
ვასილ რევიშვილი სებ-ის გადაწყვეტილებას დედოლარიზაციის პოლიტიკით ხსნის.
„დოლარში სესხს იმიტომ ვიღებთ, რომ საპროცენტო განაკვეთია ნაკლები. რამდენად გამართლებულია ეს იქიდან გამომდინარე რომ ვალუტის კურსი შეიძლება შეიცვალოს და დოლარის კურსი დიდი ალბათობით უნდა გამყარდეს. ლარის კურსი დოლართან მიმართებით უნდა დაეცეს. ამიტომ არ მიმაჩნია გამართლებულად, ადამიანმა, რომელსაც შემოსავლები ლარში აქვს, ახლა სესხი ვალუტაში აიღოს.
დიდი ალბათობით ამ გადაწყვეტილების მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დედოლარიზაციაა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება პოლიტიკური ან სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს, რომ დოლარზე ნაკლები დამოკიდებულება იყოს, რადგან დოლარის შემოდინებები არც ისე სახარბიელოა. ამიტომ არ მგონია, ამ გადაწყვეტილებამ ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინოს. შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში საპროცენტო განაკვეთი გაიზარდოს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ზოგადად ხარჯებზე არ მგონია აისახოს“, – განმარტავს ვასილ რევიშვილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 750,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა – შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო. სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ. მიღებული ცვლილება 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 250,000 ლარით ზრდას მოიცავს.
Bm.ge