“არ მგონია, ეს [ხაზარაძე-ჯაფარიძის] საპატიმრო ღონისძიებები, ბიზნესისთვის კარგი საქმე იყოს” – დავით სალარიძე

ბიზნესმენი დავით სარალიძე, რომელიც თავად მონაწილეობდა საქართველოში ისეთი ეკონომიკური ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში, როგორებიცაა საგადასახადო სამსახური და ფინანსთა სამინისტრო, BMG-ის ეთერში ქვეყნის ეკონომიკაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გავლენას აფასებს.
როგორც ის აღნიშნავს, 1990-იან წლებში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ ახალი თაობის ბიზნესმენებმა და TBC ჯგუფმა ითამაშეს, ამ ფონზე კი ხაზარაძე/ჯაფარიძის დაკავება ქვეყნისთვის კარგი შედეგების მომტანი ვერ იქნება.
“საგადასახადო ინსპექციას საბაზრო ეკონომიკამდე წინა ისტორია არ ჰქონდა, ის ჩვენ შევქმენით. 1993 წელს საქართველოს ბიუჯეტი 40 მილიონი დოლარი იყო. მაშინ შევძელით და, სამი წლის განმავლობაში, მილიარდ ლარამდე ავედით, როცა მშპ 7 მილიარდი ლარი იყო. 40 მილიონიდან მილიარდამდე რომ მივსულიყავით, ამას ვერც ერთი საგადასახადო ინსპექტორი თავისი კანონებით ვერ შეძლებდა, რომ არ ყოფილიყო გარკვეული თანადგომა და ერთიანობა. სად იყო მაშინ, ქართულ რეალობაში, ან მეწარმე, ან გადამხდელი?! ასეთი ტიპის ეკონომიკა იყო, არაფერი მუშაობდა.
ამ დროს გამოჩნდნენ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სახით. მაშინვე ჩანდა, რომ მამუკას და მის ჯგუფს ძალიან კარგად ესმოდათ ქვეყნის ინტერესები. მამუკასთან არც ბიზნესპარტნიორობა მაკავშირებს, არც სესხები ამიღია TBC ბანკიდან, სუბიექტური არაფერი მალაპარაკებს, გარდა იმისა, რომ ვიცი, როგორი დიდია ფასი იმ პროექტებისა, რომლებიც TBC ჯგუფმა შექმნა. მაგალითად, ლისი დეველოპმენტი რომ ავიღოთ, მახსოვს, ჩემი თაობის ადამიანები იქ დავდიოდით, როცა არაფერი იყო, ტყე-ღრე იყო; ახლა ყველაზე პრესტიჟულ უბნად იქცა და ეს არ იყო მარტივი გასაკეთებელი. ბევრი სხვადასხვა მიმართულების ბიზნესი შეიქმნა, რამაც ქვეყანა წინ წასწია. ამისი დაუნახაობა არ შეიძლება. ვეძახოთ მევახშე, ბანკირი ამ ქვეყანაზე არავის არ უყვარს, მაგრამ, ბანკირობის გარდა, ამ ჯგუფს ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და არ მგონია, ეს საპატიმრო ღონისძიებები, ბიზნესისთვის კარგი საქმე იყოს”, – აღნიშნა დავით სალარიძემ.
როგორც მან BMG-ის ეთერში აღნიშნა, “ძლიერი საქართველოს” ლიდერების დაპატიმრებით, ქვეყანამ შესაძლოა დაკარგოს კავშირები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემოდის. დავით სალარიძე მიიჩნევს, რომ ამ კავშირის დაკარგვით, ქვეყანა ეკონომიკური განვითარების ტემპსაც დაკარგავს.
“წყაროები, საიდანაც საქართველოში შეიძლება რაც შეიძლება მეტი რესურსი შემოვიდეს, დღეს მოჭრილი გვაქვს. ამიტომ თითოეული პიროვნება, ვისაც შეუძლია წავიდეს და ინვესტიციებზე ისაუბროს საზღვარგარეთ, ძალიან საჭირო ხალხია. TBC ჯგუფს, დიდი ხანია, ეს გზა გაჭრილი აქვთ და ბევრი პარტნიორიც ჰყავთ. ბიზნესში არსებობს ე.წ. “პორტფელური ინვესტიციები” – როდესაც ქართველი ბიზნესმენი მიდის, არწმუნებს უცხოელ ინვესტორს და ისიც ფულს ისე დებს ქვეყანაში, შესაძლოა, თვითონ არ ჩანდეს. TBC ჯგუფს მსგავსი ინვესტიცია ბევრი აქვს გაკეთებული.