IDFI-ს მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელის გიორგი დავითური ვერ იხსენებს, აქამდე კომუნიკაციის კომისიისთვის ვინმეს კვაზი საგამოძიებო უფლებამოსილება მიენიჭებინოს. ამის შესახებ მან “საქმის კურსთან” განაცხადა.
“ირიბი პარალელი რომ გავავლოთ – პარკირების ჯარიმისთვის მთავრობამ რომ მიიღოს ან შსს-მ თქვენს ბინაში შემოსვლის და კომპიუტერის ან პირადი ნივთების გაყიდვის უფლებამოსილება, ან თქვენი ტელეფონის მოსმენის საშუალება იმის თაობაზე, განზრახ არ გადაიხადეს პარკირების ჯარიმა, თუ გაუფრთხილებლობით, დაახლოებით მსგავს შემთხვევაზე ვსაუბრობთ“ – ასე ესმის “მაუწყებლის შესახებ” კანონში მიღებული ცვლილებები IDFI-ს მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელს.
გიორგი დავითური განმარტავს, რომ ოცნებამ მარეგულირებელ კომისიას, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას და მაუწყებლებს არეგულირებს, კვაზი საგამოძიებო უფლებამოსილება მიანიჭა, რაც პირველ რიგში დემოკრატიას არ ადგება, მეორე მხრივ კი დამატებითი მექანიზმია, რომელიც ქმნის საფუძველს ის იარაღად იქნეს გამოყენებული მაუწყებლების და მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ.
“არცერთ ეტაპზე აქამდე არ მახსენდება კომუნიკაციების კომისიისთვის ვინმეს მიენიჭებინა კვაზი საგამოძიებო უფლებამოსილება. დღეს რასაც ვხედავთ გამოხატვის თავისუფლების დემოკრატიასთან მიმართებით, ძალიან ბევრ ორგანოს, გარდა პროკურატურისა კვაზი საგამოძიებო უფლებამოსილებები უჩნდება, რაც მათ შესახებ დაუბრკოლებლად, ირიბად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას გულისხმობს.
როდესაც მედიებთან და მაუწყებლებთან დაკავშირებით მსგავსი საგამოძიებო ღონისძიებების გატარების უფლებამოსილება ეძლევათ, ეს დემოკრატიის ხარისხისთვის კარგი არ არის. კომისიაში ყველაფრის წარდგენა, შემოსავლების თაობაზე ისედაც ევალება მაუწყებელს, მეტიც კომისიას შეუძლია მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტი თუ რაიმე იქ არ იქნება წარდგენილი. რასაც ეს კანონი აკეთებს, ძალიან წააგავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლის ჩანაწერს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით და სასამართლოს განჩინებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც კომუნიკაციების კომისია, რომელიც მაუწყებლობას არეგულირებს, გამოხატვის თავისუფლებას არეგულირებს, ეძლევა არა დანაშაულის შემთხვევაში მიმართვის საშუალება პროკურატურისთვის, არამედ გარკვეული რეგულაციების აღსასრულებლად აღსრულების შემოწმება საგამოძიებო მექანიზმებით.
რომ ჩავთვალოთ, რომ ამ ყველაფრის უკან არანაირი ცუდი განზრახვა არ დგას, ეს არის აშკარად არაპროპორციული. არ შეიძლება საგამოძიებო მექანიზმებით სდიო გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ თეორიულ ან შესაძლო დარღვევებს. მეორე საკითხი, რაც არის მსგავსი მანდატი დანაშაულებრივი გზებით გააკეთო გარკვეულ საკითხებზე რეაგირება ვფიქრობ, სცილდება ზოგადად დამოუკიდებელი მარეგულირებლის სტანდარტებს, იმ პრინციპებს, რითაც ისინი საქმიანობენ. თუ მათ დაინახეს რაიმე დანაშაულებრივი საქმიანობა, ამას მარეგულირებელი კომისია არ იძიებს, ის არ არის საგამოძიებო ორგანო, მას შეუძლია საკითხი პროკურატურასთან გადაამისამართოს. სისტემურ დონეზე და მიდგომის დონეზე ვხედავ პრობლემას.
კომუნიკაციების კომისიას შეუძლია გამოითხოვოს მაუწყებლისგან ყველა იმ ტიპის ინფორმაცია, რომელიც მას სჭირდება რეგულაციის აღსასრულებლად. ამგვარი მოქმედებების მოთხოვნით, არამხოლოდ მაუწყებლის შემოსავლებზე, არამედ გასავლებზე ძალიან დიდი ინფორმაცია შეიძლება მიიღო. იმავდროულად სასამართლო სად წაიყვანს ამ სტანდარტს, მაუწყებელი რას ნიშნავს, მაუწყებლის ხელმძღვანელზე გავრცელდება, არ გავრცელდება – უცნობია…
ამ ცვლილების რეალურად დემოკრატიულ მიზანს ვერ ვხედავ. ვხედავ ფორმალისტურ მიზანს. საბოლოოდ მაუწყებლის შესახებ საბანკო საიდუმლოების გამოთხოვის უფლებამოსილების მინიჭება კომისიისთვის იმ პირობებში, როცა ის არ არის საგამოძიებო ორგანო, იმ პირობებში, როდესაც მას მაუწყებლებისგან ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის და მიღების უფლება გააჩნია, ეს არის დამატებითი მექანიზმი, რომელიც ქმნის საფუძველს მაუწყებლების და მათთან აფილირებული პირების წინააღმდეგ იარაღად იქნეს გამოყენებული“, – აცხადებს გიორგი დავითური.
რა ტიპის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება უჩნდებათ ბანკებს კომუნიკაციების მარეგულირებლისთვის, ეს ჯერ არც მათთვის არის ცხადი. საბანკო ასოციაციაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ რეგულაციაში ახლა ერკვევიან.
“მაუწყებლის შესახებ” კანონში ბოლო თვეებში შესული ცვლილებები აწესებს გარკვეულ აკრძალვებს მაუწყებლების დაფინანსებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აკრძალულია მაუწყებლის დაფინანსება ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ. ასევე, კანონი კრძალავს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებას ფულადი, ქონებრივი ან სხვა მატერიალური სახით.
კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ბოლო ცვლილებები ძალაში სავარაუდოდ რამდენიმე დღეში შევა, მას შემდეგ რაც მას ოცნების არჩეული პრეზიდენტი ხელს მოაწერს. კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობა საჯარიმო სანქციებთან ერთად მაუწყებლისთვის ავტორიზაციის შეჩერებასაც ითვალისწინებს.
