,,არ მაქვს მოლოდინი, რომ დასავლელი ინვესტორები კვლავ გააგრძელებენ საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას’’- თამაზ დაუშვილი

ბიზნესმენი და კომპანია ,,დიოს’’ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ის აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაშორების პროცესის გაგრძელებით ქვეყანა ევროპელ და დასავლელ ინვესტორებს დაკარგავს. მისივე თქმით, სიტუაციის შეფასება რთულია, თუმცა მოქმედი ბიზნესები და ინვესტორები შექმნილ ვითარებას და მათ პერსპექტივებს გადააფასებენ. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ინვესტორებთან ერთად ქვეყანა ევროკავშირის დახმარებასაც დაკარგავს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
,,თუ ევროკავშირთან დაშორების პროცესი გაგრძელდა, განვითარდა და გაურკვეველი ვადით გაიყინა, ბუნებრივია ბევრი ბიზნესი გადააფასებს მათ პერსპექტივებს. როგორც არსებული, მოქმედი ბიზნესები, ასევე პოტენციური ინვესტორები გადააფასებენ ვითარებას არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ თვალსაზრისით სასარგებლო ნამდვილად არ არის არსებული სიტუაცია. სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვფიქრობ, რომ ახლა არის საჭირო, რომ ყველამ მაქსიმალურად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ იქნებ გამოვიდეს და გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებთან გვქონდეს თხოვნა და კომუნიკაცია, რათა მათ შეცვალონ ეს გადაწყვეტილება. ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერება ისედაც მოსალოდნელი იყო. ალბათ შეჩერდებოდა, რადგან ისედაც ბევრი საკითხი და პრობლემა იყო მოსაგვარებელი, უბრალოდ ეს ფორმა არ არის კარგი. რაც შეეხება ვაჭრობას, ალბათ ვაჭრობას ხელს არ შეუშლია. აქ უფრო მეტად არის საუბარი ინვესტიციებზე და ევროკავშირიდან წამოსულ დახმარებებზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ძალიან წაადგებოდა. რაც შეეხებათ ინვესტორებს, ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ ინვესტორები კვლავ გააგრძელებენ საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. ეს მოსალოდნელია, რომ ევროპელი და დასავლელი ინვესტორები ნაკლებად იქნებიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული. როგორ უნდა მოხდეს ამისი ჩანაცვლება, ვისი საშუალებით, ეს ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია.’’- აცხადებს თამაზ დაუშვილი.