ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რყევებისა და მიმდინარე საპროტესტო აქციების გავლენას სასტუმრო ბიზნესზე “კოსტეს” დამფუძნებელი, თამარ ბაღდავაძე აფასებს. როგორც ის “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, 2024 წლის დეკემბერში სასტუმრო მცირე დატვირთულობით მუშაობდა, კომპანიას კი გადარჩენის რეჟიმზე გადართვა მოუწია.
“დეკემბრის პირველი ნახევარი იყო სრული ქაოსი, როგორც ემოციურად, ასევე ჯავშნების გაუქმების ფონზე, ნეგატიური მოლოდინები გვქონდა. ჩვენ შემთხვევაში, რამდენიმე ხელშეკრულებამ და პარტნიორობამ მაინც იმუშავა, კლინიკასთან ვთანამშრომლობთ და ეს დაგეგმილი ოპერაციები მაინც შედგა, ჩამოვიდნენ ადამიანები, ვისაც გადაუდებელი საჭიროება ჰქონდათ. ამან, პლუს საახალწლო ჯავშნებმა მაინც გაგვიყვანეს ფონს. არ ვსაუბრობთ მოგებაზე, საუბარია 36%-იან დატვირთულობაზე. ეს მაღალი მაჩვენებელი არ არის. გასაგებია, რომ ზამთარია და დაბალი დატვირთვის სეზონია, მაგრამ ჩვენ განვითარების გეგმა გვქონდა. დეკემბერში საქმიანი ვიზიტები და საახალწლო კორპორაციული წვეულებები იგეგმება ხოლმე, რაც აბსოლუტურად განულებული იყო ჩვენს რესტორანში. ამ მაჩვენებელმა ძალიან დაგვარტყა და არ ვსაუბრობთ არანაირ მოგებაზე, ეს არის გადარჩენის რეჟიმი.
დეკემბრის პირველ ორ კვირაში გაუქმდა ჯავშნები, იანვარში გაუქმება არ არის, მაგრამ ასევე არ არის ახალი ჯავშნები. ქაოსური ჯავშნებია, შეიძლება “ბუქინგიდან” შემოვიდეს შემთხვევითი ჯავშანი. იყო შემთხვევები, საღამოს ემატებოდა walk-in პრინციპით 2-3 ოთახი, ესეც აღარ გვაქვს”, – აცხადებს თამარ ბაღდავაძე.
სასტუმრო “კოსტეს” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესების გამო მოსალოდნელია, რომ კომპანია იანვარში ხელფასების გადახდას ვერ შეძლებს. როგორც ბაღდავაძე ამბობს, სასტუმრო უკვე ვერ ახერხებს საბიუჯეტო გადასახადების გასტუმრებას.
“თანამშრომლებთან გვქონდა არც ისეთი სასიამოვნო შეხვედრა დეკემბერში, სადაც დავაანონსეთ, რომ უხელფასო შვებულებაში მოუწევდათ წასვლა და ამის ხარჯზე შეგვიმცირდებოდა სახელფასო ფონდი. რა თქმა უნდა, ისეთი მდგომარეობაა, რომ წინასწარვე ავიღეთ გარკვეული პერიოდი, ადამიანებსაც მოლოდინი ექნებოდათ, რომ ხელფასი შეუმცირდებოდათ, მაგრამ თან დასვენების ხარჯზე. მაინც უსიამოვნო მომენტია.
დეკემბერში შევძელით ხელფასების გასტუმრება. რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, ვერ შევძელით გასტუმრება და გრაფიკის გაკეთება მოგვიწია შემოსავლების სამსახურთან – ეს გრაფიკი გადანაწილდება წლის განმავლობაში, საურავები დაერიცხება და ჩვენთვის დამატებითი ხარჯი იქნება”, – ამბობს ბაღდავაძე.
შემცირებული მოთხოვნის ფონზე, თბილისის სასტუმროებს საფასო პოლიტიკის გადახედვა უწევთ. როგორც თამარ ბაღდავაძე აღნიშნავს, გამონაკლისი არც “კოსტეა”.
“ფასებს ვუწევთ დაბლა, 10-15%-ით უფრო შემცირებულია, ვიდრე დაბალ სეზონზე არის ხოლმე ისედაც დაბალი ფასი. რომ გითხრათ, რომ ესეც მუშაობს დიდი წარმატებით, გამიჭირდება. ვერ ვფიქრობთ განვითარებაზე, იმის ნაცვლად, რომ რეინვესტირება გავაკეთოთ და გავფართოვდეთ, ყოველთვის ვებრძვით ახალ-ახალ გამოწვევებს და სასტუმრო ბიზნესი თუ ადრე საინტერესო და მოგებიანი იყო ინვესტორებისთვის, ახლა ყველა ცდილობს, გაყიდოს სასტუმრო. ძალიან ეფემერულ მდგომარეობაშია ყველა, იქნებ რაღაც იყოს”, – ამბობს “კოსტეს” დამფუძნებელი.
BMG-სთან საუბარში თამარ ბაღდავაძე ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის სასტუმროებში ევროპელი დამსვენებლების შემცირება შეინიშნება. მისი თქმით, “კოსტეს” სტუმრები მეზობელი და გალფის ქვეყნებიდან ჰყავს, ევროპელი ტურისტები კი თითქმის არ არიან.