არ ვკარგავთ ოპტიმიზმს, რომ ანაკლიის პორტი განვითარდება – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა წააგეს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. მამუკა ხაზარაძის თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებულ საარბიტრაჟო დავაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ADC-ის სარჩელი ეხებოდა, 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობას და ADC-სა და მისი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ანაზღაურებას. თუმცა, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, რადგან მთავრობის არასწორი ქმედებით ანაკლიის პორტის პროექტს ზიანი მიადგა, პროექტი თითქმის ათწლეულით დაყოვნდა და ქვეყანამ ათასობით სამუშაო ადგილი და შემოსავლები დაკარგა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს საარბიტრაჟო წესებით მიმდინარე არბიტრაჟში, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ADC-ის სარჩელზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” (ADC) სამეთვალყურეო საბჭო განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ADC-ის სარჩელი ეხებოდა 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობას და ADC-სა და მისი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ანაზღაურებას. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია.
არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია – ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის.
ADC-მ და მისმა ინვესტორებმა საქართველოსთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც პროექტის განხორციელების ვალდებულება აიღეს და ამისთვის, ყველა შესაძლო გზას მიმართეს. მათ პროექტში დაახლოებით 80 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინეს.
ADC-ს კვლავ მიაჩნია, რომ მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას, დამხმარე როლი უნდა შეესრულებინა და ძირი არ გამოეთხარა პროექტის წარმატებით დასრულებისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევისთვის. მეორე მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომელიც უკავშირდება მის დასავლურ მომავალს. აღნიშნულ პროცესში, ანაკლიის პორტის აშენება და ამუშავება მოემსახურებოდა ქვეყნის დასავლეთთან და არა რუსეთთან ან ჩინეთთან ინტეგრაციას.
ჩვენ წამოვიწყეთ საარბიტრაჟო საქმე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა ფიდუციური ვალდებულება, დაგვეცვა ჩვენი ინვესტორების ფინანსური ინტერესები. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ მიგვეღწია ამ პროექტის წარმატებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად, დიდი ძალისხმევა გავიღეთ და ვმუშაობდით საქართველოს მთავრობასთან საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის შემდეგაც კი, რომ გამოსავალი მოგვეძებნა პროექტის გასაგრძელებლად. ყოველი ასეთი მცდელობა დაბრკოლებული ან უგულებელყოფილი იქნა მთავრობის მხრიდან, რამაც შედეგად ანაკლიის პორტის განვითარების დაყოვნება გამოიწვია. თუმცაღა, ჩვენ არ ვკარგავთ ოპტიმიზმს, რომ ანაკლიის პორტი განვითარდება ისე, როგორც ეს თავდაპირველად იყო გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ”. – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, 2020 წელს, საქართველოს წინააღმდეგ საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა ICC-ში მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფომ, ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზით, კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა. სასარჩელო მოთხოვნა დაახლოებით, $1 620 000,000 იყო.