„არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია, შესაბამისად, ერთადერთი ვიცი, რომ თანხმობას აცხადებს ჩვენება მისცეს დისტანციურად“ – გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი

როგორც თქვენთვის არის სიახლე, იგივეა ჩემთვისაც. მე გიორგისთან პირველი კომუნიკაცია მქონდა აღნიშნული პოსტის შემდეგ. არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია, შესაბამისად, ერთადერთი ვიცი, რომ თანხმობას აცხადებს ჩვენება მისცეს დისტანციურად. სხვა, არანაირი დეტალი არ ვიცი, – ასე უპასუხა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა მედიის შეკითხვას, თუ როდის და რა ფორმით დატოვა ქვეყანა მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა, “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა.
ადვოკატის განმარტებით, ბაჩიაშვილს ქვეყნიდან წასვლა არავისთვის შეუთანხმებია.
„პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანმა, რომელმაც საზღვარი გადალახა და ყველამ შევიტყვეთ 12:00 საათზე, ან მე რატომ უნდა გამოვკითხო, რა ფორმით წავიდა და ამ დეტალებით, რატომ უნდა დავინტერესდე? მისი გადასაწყვეტია, არავისთან შეუთანხმებია.
ხომ გეუბნებით, დღეს, მე მას ვესაუბრე, ჩვეულებრივად მოლოდინი მქონდა პროცესზე გამოცხადების. ამ პოსტის შემდეგ დავინტერესდი, რას ნიშნავდა ეს ტექსტი და მითხრა, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში. არ ვიცი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს [სად არის]”,- განაცხადა მახარაშვილმა.
ადვოკატმა უპასუხა შეკითხვას ბაჩიაშვილის პოსტის იმ ნაწილზე, სადაც ის წერს, რომ პატიმრობის შემთხვევაში ის ციხეში დაუცველი დარჩებოდა „ივანიშვილის ჯალათების პირისპირ”.
„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რეზონანსულია ეს საქმე, ხშირად გვისაუბრია პერსპექტივებზე. გამოკვლეული მტკიცებულებების შემდეგ ყველანაირად ჰქონდა განწყობა, რომ დიდი ალბათობით გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. დანარჩენი, ახლა, მე მესმის, რომ ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი, განსაკუთრებით ჟურნალისტების, მაგრამ ნამდვილად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ არანაირ დეტალებთან დაკავშირებით. დღეს შევიტყვე, როგორც თითოეულმა თქვენგანმა, ამ პოსტის შემდეგ”, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ გირაოსთან ერთად სხვა ამკრძალავი ღონისძიებებიც ჰქონდა დაწესებული, მათ შორის ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი და აკრძალული ჰქონდა საზღვრის კვეთა. ამასთან, როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, მათ შემზღუდავი ღონისძიებების შეცვლის მოთხოვნით პროკურატურას 5-ჯერ მიმართეს, თუმცა, ის დაუსაბუთებელი მიზეზით, არ დაკმაყოფილდა.აღნიშნულთან დაკავშირებით კი ბრალდების მხარე მიმალვის საფრთხეებზე საუბრობდა და უთითებდა ბრალდებულის კავშირებზე საზღვარგარეთ. პროკურორმა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, დასძინა, რომ ბაჩიაშვილს აქვს ს ფედერაციის პასპორტიც და უნგრეთის ბინადრობის მოწმობაც.
ipn.ge