“არ ვიცი, რას ნიშნავს იყო აპოლიტიკური ხელოვანი” – ინტერვიუ ნინო ხარატიშვილთან

“არ შეიძლება ვწერდე ისე, როგორც ვწერ და რაც დავწერე, იმას ჩემი ცხოვრებით არ ვახორციელებდე. მაშინ, გამოდის, რომ სადღაც ვიტყუები”, – ამბობს მწერალი ნინო ხარატიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას, როცა ვკითხეთ. ხელოვანების ჩართულობაზე პოლიტიკურ პროცესებში.
მისი თქმით, ნებისმიერი ხელოვანი, პირველ რიგში, არის მოქალაქე. ამიტომ, არ ესმის მათი, ვინც ამბობს, რომ აპოლიტიკურები არიან.
“არსებობენ ხელოვანები, რომლებიც ამბობენ, რომ აპოლიტიკურები არიან. თუმცა, ეს ძალიან სასაცილოა. არ ვიცი რას ნიშნავს აპოლიტიკური. პოლიტიკა ავტომატურად არ არის ის, რაც, ვთქვათ, საინფორმაციოში გვესმის, არ არის მიტინგი და დემონსრაცია. პოლიტიკაა, ფაქტობრივად, ყველაფერი. თუ არსებობს საზოგადოება, იქ არსებობს პოლიტიკაც”, – ამბობს ხარატიშვილი.
ხელოვნებისა და ხელოვანების როლზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, უწყვეტ პროევროპულ დემონსტრაციებზე, დაკავებულ მოქალაქეებზე, საკუთარ შემოქმედებაზე, პოლიტიკასა და იმ პერსონაჟებზე, რომლებიც ქმნიან ისტორიას მის წიგნებსა თუ რეალურ ცხოვრებაში, რეპრესიებსა და ბრძოლის მეთოდებზე, დანებებასა და მიზნისკენ სვლაზე საუბრობს ნინო ხარატიშვილი ინტერვიუში, რომელსაც შეგიძლიათ მოუსმინოთ “ნეტგაზეთის” იუთუბ არხზე.