არ ვიქნები ივანიშვილის სანქცირების წინააღმდეგი – სერ ედვარდ ლი, თემთა პალატის და PACE-ს წევრი

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრი კონსერვატიული პარტიიდან, სერ ედვარდ ლი, რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ არ იქნება ბრიტანეთის მთავრობის მიერ სათვის სანქციების დაწესების წინააღმდეგი. მისი თქმით, ივანიშვილის ქონების დიდი ნაწილი ბრიტანეთშია, რაც ლონდონს ბერკეტებს აძლევს.
„წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ ბრიტანეთის მთავრობა ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს“, – განაცხადა სერ ედვარდ ლიმ, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრია.
„თუ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება ჩათვლის, რომ მისი დანაშაულები იმდენად მძიმეა, რომ სანქციებია საჭირო, ეს წინადადება პარლამენტში უპრობლემოდ გავა“, – უთხრა მან სტრასბურგში, PACE-ში, რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, ვაჟა თავბერიძეს.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილია წინადადება, რომლითაც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, 30 იანვრისთვის 25 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.
„ეს ბრიტანეთს ბერკეტს აძლევს“
„ძნელად წარმომიდგენია, ვინმე ამის წინააღმდეგ წავიდეს, თუკი მთავრობა ამის გაკეთებას გადაწყვეტს. მით უმეტეს, რომ ივანიშვილის ქონების უზარმაზარი ნაწილი სწორედ ბრიტანეთშია – ეს კი ლონდონს საკმაოდ სერიოზულ ბერკეტს აძლევს“, – ამბობს პარლამენტარი.
„მაგრამ საკითხი ასე მარტივად არ დგას“, – დასძენს ის და განმარტავს, რომ „ამას რიგითი პარლამენტარისა თუ უკანა მერხზე მჯდომი დეპუტატის მოწოდება არ ეყოფა“.
„ბრიტანეთის პარლამენტი დღეს მუშაობს პრინციპით, „ყველაფერი რჩება გამარჯვებულს“. მთავრობას უზარმაზარი უმრავლესობა აქვს, – ასეულობით ლეიბორისტი დეპუტატი, რომლებიც აკეთებენ იმას, რასაც ეტყვიან. ასე რომ, თუ ქართულ ოპოზიციას სურს, რომ [ივანიშვილზე] სანქციები რეალურად დადგეს დღის წესრიგში, მათ ბრიტანეთის მთავრობა უნდა დაარწმუნონ და არა პარლამენტი“, – განაცხადა სერ ედვარდ ლიმ.
650-წევრიან თემთა პალატაში უმრავლესობას ლეიბორისტული პარტია ფლობს. მას 402 წევრი ჰყავს. კონსერვატორები 121 წევრით არიან წარმოდგენილი. მესამე ადგილზე არიან „ლიბერალ-დემოკრატები“ – 72 პარლამენტარით. სწორედ ამ პარტიის წევრია წინადადების თავდაპირველი ინიციატორი, ჯეიმს მაკკლიარი.
„თუ მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს, შემიძლია დაგარწმუნოთ – ეს საკითხი ელვის სისწრაფით გაივლის და არანაირი წინააღმდეგობა მას არ ექნება“, – აცხადებს სერ ედვარდ ლი, კონსერვატიული პარტიის წევრი გეინზბოროდან.
„ბრიტანეთი მხარს უჭერს სანქციებს“ – ლეიბორისტი ლორდი ტუიგი
29 იანვარს ლორდთა პალატის წევრმა, ლორდმა დონ ტუიგმა, ლეიბორისტული პარტიის წევრმა, რომელიც ამავე დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე ისაუბრა.
„ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, ვინც ხელყოფს თავისუფლებას, ვინც პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას“, – აცხადებს ლორდი დონ ტუიგი.
„ეს ადამიანები ხშირად ძალიან მდიდრები არიან, და ჩვენ ვიცით, ვის ვგულისხმობთ – ბატონ ივანიშვილს“, – განაცხადა მან და დასძინა: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თავისუფალი საზოგადოებების დასაცავად, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ქონება და ამ ქონებას ბოროტად იყენებენ, ქვეყნის გასაკონტროლებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ“.
„მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება უნდა ჩამოვართვათ – ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, სთან დაკავშირებით დისკუსიებში მივედით დასკვნამდე: საკმარისი არაა რუსული აქტივების მხოლოდ კონფისკაცია – ეს აქტივები უნდა გადავცეთ უკრაინელ ხალხს, რათა თავიანთ ქვეყანას თავისუფლება შეუნარჩუნონ და ხელახლა ააშენონ“, – განაცხადა ლორდმა ტუიგმა.
წინადადება სანქცირებაზე
თუკი თემთა პალატაში შეტანილ წინადადებას – რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა – მიიღებენ, სამუშაო ვერსიის მიხედვით, თემთა პალატა:
· „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო“;
· „გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში ს გავლენის ხელშეწყობაში“;
· „ცნობად იღებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, გააკეთოს იგივე – დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის“;
· „მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და იყოს უფრო მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან ევროკავშირში, რათა გადადგას ნაბიჯები რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ;
· „კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას“.