„მე არ ვთვლი, რომ BAG მდუმარედ უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია აუცილებელია, როდესაც ინტერესის ობიექტი ხარ“, – ეს განცხადება საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) წევრი კომპანია „ნუტრიმაქსის“ მმართველმა პარტნიორმა ბექა ბექაიამ გააკეთა.
როგორც ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, ის BAG-ის მხრიდან საქმიანი კომუნიკაციის მომხრეა და არა – ემოციური განცხადების. ბექა ბექაიას საქმიანი კომუნიკაციის გზად BAG-ინდექსის ანგარიში მიაჩნია, რომელიც აჩვენებს რა მოლოდინებია ბიზნესში.
საქმე ის არის, რომ როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, 20 იანვარს BAG-ის წევრების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით BAG-ის მხრიდან პოზიცია დაფიქსირება-არდაფიქსირება იყო. ჩვენი ინფორმაციით, იმ კომპანიების ხელმძღვანელებმაც, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების მიმართ, განაცხადეს, რომ BAG-მ საჯარო პოზიცია არ უნდა გამოხატოს. მათ შორის ერთ-ერთი იყო „ნუტრიმაქსი“ და მისი მმართველი პარტნიორი ბექა ბექაია. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ თავად „ნუტრიმაქსი“ პლატფორმა freebusiness.ge-ის მოთხოვნებს უერთდება და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნა და პატიმრების გათავისუფლებაა.
– საქართველოს ბიზნესასოციაციის მხრიდან კარგი იქნება, რომ იყოს საქმიანი კომუნიკაცია. ვეთანხმები PMC კვლევითი ცენტრის დირექტორს გიორგი ხიშტოვანს და BAG-ის სამეთვალყურეო საბჭოს გაფართოებულ ბოლო შეხვედრაზეც ჩემი რეკომენდაციაც ეს იყო, რომ უფრო სწორი იქნება ფაქტებზე დამყარებული კომუნიკაცია საზოგადოებასთანაც და მთავრობასთანაც. რას ფიქრობენ BAG-ის წევრები და როგორაი მოლოდინებია ბიზნესში. ზოგადად, აღქმები და მოლოდინები მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიება ხოლმე, თუმცა ბიზნესი, როგორც წესი, ასე მუშაობს – აღქმებით და მოლოდინებით. ჩვენ მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს თანამშრომლების, მომხმარებლების თუ ინვესტორების მოლოდინებზე ზრუნვა. ბიზნესის კეთება მოლოდინების სწორი მართვაა.
– როგორია მოლოდინებია დღეს ბიზნესში, მათ შორის BAG-ის წევრები რა განწყობაზე არიან?
– ბიზნესის წარმომადგენლებიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. მიუხედავად იმისა, ვის რა პოზიცია აქვს და მომავალს როგორ უყურებს, არსებული სიტუაცია აბსოლუტურად არავის მოსწონს, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ამ გარემოში გვეცხოვრებოდეს, სადაც ვართ. გვაქვს ჩვენი შიშები და ღელვები – საითკენ მიდის ქვეყანა?! შეიძლება თუ არა ჩვენმა შვილებმა აქ იცხოვრონ?! და ა.შ. ეს ყველას აღელვებს. რაც შეეხება ბიზნესის მოლოდინებს, შეშფოთება მაღალია. ჩვენ ვუყურებთ, რაც ხდება საზოგადოებაში – ვხედავთ პოლარიზაციას, გახლეჩილობას და მე არ ვადარებ საით უფრო მეტია… მოკლედ, ცუდი სიტუაციაა და რთულია ასეთ ქვეყანაში ბიზნესის კეთება. მეორე საკითხია საერთაშორისო იზოლაცია, რომელიც ფაქტია. პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე, [რომელიც 2024 წლის დეკემბერში გაიმართა] ამ თემაზეც დავსვით კითხვები და პასუხად მივიღეთ, რომ ველოდებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლას და მერე რაღაც გამოჩნდება… ახლა ამ რეჟიმში ვართ და უნდა დავუკვირდეთ რა გამოსწორდება და რა გამოჩნდება, მაგრამ ფაქტია, დღეს, საერთაშორისო იზოლაციაში ვართ. ბუნებრივია, ეს მდგომარეობა ბიზნესს კარგ მოლოდინებს არ გვიქმნის.
