„არ ვეთანხმებით და არ ვიზიარებთ იმას, რასაც ამბობს ბიზნესი, თითქოს ჩვენ იმიტომ ვასაქმებთ უცხოელებს, რომ ვერ ვშოულობთ შესაბამის კადრებს“ – რაისა ლიპარტელიანი
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესი უპირატესობას უცხოელი მუშახელის დასაქმებას ანიჭებს. რაისა ლიპარტელიანი ამის მიზეზად უცხოელების მიერ ნაკლებ ანაზღაურებაზე თანხმობას მიიჩნევს. მისი თქმით, ბიზნესი ხშირად მიუთითებს ადგილობრივი სამუშაო ძალის ნაკლებობაზე და უცხოელების დასაქმებას სწორედ ამ არგუმენტით ამართლებს. თუმცა, პროფკავშირებში ამ არგუმენტს არ იზიარებენ. რაისა ლიპარტელიანი განმარტავს, რომ საქართველოში უცხოელები ძირითადად იმ სექტორებსა და სფეროებში არიან დასაქმებული, სადაც მაღალი კვალიფიკაცია საჭირო არ არის. ადგილობრივ სამუშაო ძალაში კი ასეთი მუშახელის რაოდენობა მაღალია.
,,დღეს ჩვენ რა მოცემულობა გვაქვს? თანაბარი კვალიფიკაციის პირობებში, ვიღაც უცხოელ სამუშაო ძალას ანიჭებენ უპირატესობას, რადგან ის შეიძლება თანახმა იყოს უფრო დაბალ ანაზღაურებაზე. არ ვეთანხმებით და არ ვიზიარებთ იმას, რასაც ამბობს ბიზნესი, რომ ჩვენ იმიტომ ვასაქმებთ უცხოელებს, რომ ვერ ვშოულობთ შესაბამის კადრებს. რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება ასე იყოს, მაგრამ ეს არის საგამონაკლისო შემთხვევები. თუ შევხედავთ ჩვენ სფეროებს, სადაც საქმდებიან უცხოელები, ეს არის ზუსტად ის სფეროები, რომელიც არ საჭიროებს მაღალ კვალიფიკაციას და საერთოდ შედარებით უფრო მაღალია ხელმისაწვდომობა ადამიანების დასაქმებაზე. ვგულისხმობ სერვისის სფეროს, რითეილ სექტორს, ტურიზმს. ამიტომ, აქ იმის თქმა, რომ მე ვერ ვიშოვე სასტუმროში ადმინისტრატორი და მჭირდება უცხოელის დასაქმება, რა თქმა უნდა, ეს არ არის სიმართლე.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ქართული ენის არ მცოდნე უცხოელების დასაქმებაში პრობლემას ხედავს. რაისა ლიპარტელიანი განმარტავს, რომ ბიზნესი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ისე ასაქმებს, რომ მათ სახელმწიფო ენის ცოდნას არ სთხოვენ, რაც მომსახურების სფეროს ხარისხზე უარყოფითად აისახება. რაისა ლიპარტელიანი მიიჩნევს, რომ ამით ირღვევა მომხმარებლის უფლებაც, რადგან ის სრულყოფილ მომსახურებას ვერ იღებს და პროცესში პრობლემებს აწყდება, რაც ენის ბარიერს უკავშირდება.
,,მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს უცხოელი მუშახელი. (აქ ვგულისხმობ განსაკუთრებით ენას, სახელმწიფო ენის ცოდნას) ცხადია, საჯარო სამსახურიდან განსხვავებით კერძო სექტორს არ აქვს ვალდებულება მოსთხოვოს დასაქმებულს სახელმწიფო ენის ფლობა, მაგრამ ისეთი ტიპის სამუშაოები, სადაც ეს აუცილებელია, რადგან დასაქმებულებს უწევთ კომუნიკაცია მესამე პირებთან, კლიენტებთან, მომხმარებელთან, სახელმწიფო ენის ცოდნა სჭირდებათ. ჩვენ უცხოელი ადამიანები გვხვდება იქ სადაც სერვისს ვიღებთ. ეს უარყოფითად აისახება სერვისის ხარისხზე. მეორე მხრივ, ადამიანის უფლება არის, რომ მან მიიღოს ნებისმიერი სერვისი მის გასაგებ, სახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, სახელმწიფო ენის ფლობის პრობლემა არსებობს. როდესაც ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს დასაქმებული, მაინც დამსაქმებელი უპირატესობას ანიჭებს უცხოელ სამუშაო ძალას.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ გაერთიანება საქართველოში უცხოელების დასაქმებას არ ეწინააღმდეგება და პირიქით, მათ მიმართ დისკრიმინაციულ კამპანიას ემიჯნება. რაისა ლიპარტელიანი განმარტავს, რომ საქართველო თავად არის ემიგრანტების ქვეყანა, საიდანაც უამრავი ადამიანი საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის. ასეთი ქვეყანაში კი უცხოელი მუშა ხელის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გამართლებული არ არის არც კანონიერად და არც მორალურად.
,,ჩვენი ორგანიზაცია არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ უცხოელები საქართველოში არ უნდა დასაქმდნენ. პირიქით, დისკრედიტაციის კამპანიები, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს უცხოური სამუშაო ძალის მიმართ, გამოდიან ადამიანები და მათ აბრალებენ ყველა თავის პრობლემას, რომ ვერ ახერხებენ ისე დასაქმებას, როგორც მათ სურთ. ჩვენ ამას ვემიჯნებით და ვეწინააღმდეგებით. ეს არც კანონიერი და არც მორალურად არის გამართლებული. მაშინ, როდესაც ხარ სახელმწიფო, რომელსაც ამდენი ემიგრანტი ჰყავს საზღვარგარეთ. ყველა ასეთი განწყობით და ასეთი მიდგომით რომ დახვდეს, როგორ შეძლებს ქართველი მუშა ხელი სოციალურ სიდუხჭირეს გვერდი აუაროს. ეს უკანონოა და ასეთ მიდგომას არ ვიზიარებთ.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ უცხოელი დასაქმებულები ხშირად სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას არ აპროტესტებენ, რადგან თავს დაუცველად გრძნობენ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს ყველა უცხოელი თანამშრომელი. პროტესტის შემთხვევაში კი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ეშინიათ, დამსაქმებელმა მათთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტონ. თუმცა, კანონს ყველა დამსაქმებელი არ იცავს და უცხოელ თანამშრომელს არ არეგისტრირებს. ამის მიზეზი შესაძლოა საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდება იყოს.
,,ეს ადამიანებიც დაუცველები არიან. ჩვენ ამ ადამიანებს ვუწევთ იურიდიულ დახმარებას. ხშირია მომართვიანობა, როდესაც მათ უჭირთ და არ აქვთ საშუალება შრომითი უფლებების ბაზისური დარღვევაც კი გააპროტესტონ დამსაქმებელთან. იმიტომ, რომ დამსაქმებელი ემუქრება, რეგისტრაციის გაუქმებით. საკმარისია შეწყვიტო შრომითი ხელშეკრულება, მარტივად ატვირთავ პორტალზე შესაბამის ინფორმაციას და ადამიანებს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების საშუალება რეალურად ესპობათ. აქედან გამომდინარე უფრთხიან ისინი გაპროტესტებას და იძულებული არიან შრომით პირობებს დათანხმდნენ. მეორე კატეგორია, რომელიც საერთოდ რეგისტრირებული არ არის, ითვლება რომ არიან არაფორმალურად დასაქმებულები. რომელ პროტესტზე არის საუბარი საერთოდ? მათ დასაქმებულის სტატუსიც არ გააჩნიათ. დამსაქმებელს მოქმედი კანონმდებლობით ერთადერთი რეგისტრაცია ევალება და იმასაც არ აკეთებს. შეიძლება ვიღაცამ ეს არ იცის, (რომ აქვს უცხოელი დასაქმებულის რეგისტრაციის ვალდებულება) ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ კანონის ამოქმედებიდან 2 წელზე მეტი გავიდა და ამისი ალბათობა დაბალია. როგორც ჩანს ეს არის გზა მათი მხრიდან, რომ გვერდი აუარონ საგადასახადო ვალდებულებებს.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
