“არ ვართ ის, რაც გგონიათ“ – ზურაბიშვილის თქმით, სასანქციო სიაში მოხვედრილი ბიზნესწრეებისგან გზავნილები მიიღო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურბიშვილი აცხადებს, რომ სასანქციო სიაში მოხვედრილი ბიზნესმენებისგან „რამდენიმე გზავნილი“ მიიღო.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე დაინტერესდა, მოახერხა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე „ოცნების“ ხელისუფლებასა და მისი მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის სანქციების დაწესებაზე ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაცია.
მეხუთე პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში, სანქციებზეც იყო საუბარი, თუმცა გადატვირთული რეჟიმის გამო, დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ამჯერად ვერ შეხვდა.
“უნდა ვიყო მიწვეული ბრიტანეთის პარლამენტის მიერ და ვაპირებ, მათთან მქონდეს შეხვედრები. კი, როგორ არ იყო სანქციებზე საუბარი. ძირითადად, მეკითხებოდნენ, თუ რამდენად არის ეფექტიანი. ჩემთან მოვიდა უკვე რამდენიმე გზავნილი ბიზნესწრეებისგან, რომლებსაც ვთვლით, რომ არიან პირველი წრე, ივანიშვილის პირველი საყრდენი, რომ „ჩვენ არ ვართ ის, რაც გგონიათ“ და ა.შ. ჩემთან თუ მოვიდა, ეს არის იმისთვის, რომ იქ იყოს ნათქვამი. ძალიან საინტერესოა, ეს იმას ნიშნავს, რომ სანქციები მუშაობს, როცა თუნდაც არ არის დაწესებული. ყველას კარგად ესმის და პირველ რიგში ბიზნესს, რამდენი აქვთ დასაკარგი ამ სანქციებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ივანიშვილის ოჯახი, თურნავა, ბექაური, მაღლაფერიძე… – ევროპარლამენტის სასანქციო სია
„ფორმულასთან“ ინტერვიუში მეხუთე პრეზიდენტმა პროევროპულ აქციებზე დაკავებულების, ასევე, დაჯარიმებულების და ასევე, საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული ადამიანების მხარდაჭერისთვის ფონდის შექმნის საჭიროებასა და ამ საქმეში ბიზნესის როლზეც ისაუბრა.
“უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი ფონდი, რათა საჯარო მოხელეები და პატიმრები დაცული იყვნენ… მინდა, მივიდეთ ბიზნესთან და ვუთხრათ, რას ველოდებით მათგან”, – განაცხადა პრეზიდენტმა.