“არ ვაპირებ შედეგის გარეშე გაჩერებას” – სკოლის დირექტორობის კანდიდატი განათლების სამინისტროსთან პროტესტს განაგრძობს

სკოლის დირექტორობის კანდიდატი მაია ეკალაძე, რომელიც შიმშილობის დაწყებით ცდილობდა განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნების ყურადღების მიპყრობას, პროტესტს განაგრძობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას შიმშილობის შეწყვეტა მოუწია, მანამდე კი სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
“სამინისტროდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. არც მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში მოვხვდი… პროტესტი არ შეჩერდება, რადგან არცერთი კითხვისთვის არ უპასუხია მინისტრს. მათ რეაგირება არ ჰქონიათ. პროტესტი გრძელდება, მაგრამ შიმშილის გარეშე. საპირფარეშოც კი აკრძალული მქონდა განათლების სამინისტროში. არ ვაპირებ შედეგის გარეშე გაჩერებას”, – ამბობს სკოლის დირექტორობის კანდიდატი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი კანდიდატურა დაბლოკეს.
მაია ეკალაძემ განათლების სამინისტროსთან შიმშილობა 4 დეკემბერს დაიწყო. თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აღნიშნავს, რომ დირექტორობის სურვილი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა, როცა სერტიფიკატის მისაღები გამოცდები ჩააბარა – მაშინ ისეთ სკოლებს შესთავაზეს მისი კანდიდატურა, სადაც კონკურსში მონაწილეობდნენ მოქმედი დირექტორებიც. ვერ გაიმარჯვა და ამაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. მესამედ დირექტორობა 2023 წელს სცადა, მაგრამ ამჯერად სამინისტროს კომისიამ მას უარი უთხრა გასაუბრების შემდეგ, კონკურსის პირველივე ეტაპზე.
“ყველაფერმა ჩაიარა ძალიან კარგად 5 აპრილს, როცა გასაუბრება იყო. თუმცა 24 აპრილის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ მე უნდა დავეწუნებინე. პირველივე გასაუბრებაზე დამბლოკეს – სერტიფიკატიც არ მომცეს…
არ არსებობს გასაუბრების ვიდეოჩანაწერი. ფურცელზე არაფერს ინიშნავდნენ. როგორ დამიმახსოვრეს ყველა კრიტერიუმით ამდენი დღის განმავლობაში?!. მე არ მაქვს დოკუმენტი, რომლის წაღებასაც სასამართლოში შევძლებ. მომცეს მხოლოდ ოქმი, რომელსაც ხელს ჩემი კომისიის წევრები არ აწერენ, სხვა ადამიანები არიან”, – უთხრა განათლების სამინისტროს შენობის წინ, ქუჩაში მდგარ სკამზე ჩამომჯდარმა მაია ეკალაძემ რადიო თავისუფლებას 5 დეკემბერს.
მან აღნიშნა, რომ კონკურსთან დაკავშირებით კითხვა პირველად 6 თვის წინ დასვა და რამდენიმე განცხადებითაც მიმართა სამინისტროს. მაია ეკალაძეს მინისტრი 4 დეკემბერს შეხვდა, თუმცა შიმშილობა მაინც დაიწყო.
განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, იმავე დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ამ საკითხზე კითხვა დაუსვა ტელეკომპანია “ფორმულის” ჟურნალისტმა. მინისტრი ფიქრობს, რომ მედიასაშუალებების ნაწილი რეფორმების დაზიანებას ცდილობს.
“თქვენ მოდიხართ, რა თქმა უნდა, “მთავარი”, “TV პირველი” და ყოველდღე ან არ ვიცი, საქმე გამოგელიათ, ან მიზანმიმართულად გინდათ მთავარი რეფორმები დააზიანოთ. აშუქებთ ორი ადამიანის პროტესტს, რომელიც მნიშვნელოვანია, თავისთავად, ერთი ადამიანისაც კი, მაგრამ გამოგყავთ ეს თითქოს სისტემური და ათიათასობით ადამიანის პროტესტია მაშინ, როდესაც 92%-ში იქნება სამართლიანად ჩატარებული”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
რადიო თავისუფლებას არაერთი მასალა აქვს მომზადებული საქართველოს საჯარო სკოლებში დირექტორების ასარჩევად ჩატარებული კონკურსების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1-ელ ოქტომბერს კი არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ