„არ ვაპირებთ“ – დემონსტრანტები ამბობენ, რომ ბოდიშის სანაცვლოდ შეწყალებას სთავაზობენ

გასული შემოდგომის საპროტესტო აქციებისას დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი აცხადებს, რომ „მიუვიდათ ინფორმაცია“ – თუ ბოდიშს მოიხდიან, ბრალს აღიარებენ და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ, გაათავისუფლებენ.
ამასთან, დაკავებულების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის წაყენებული ბრალდება არის „მოგონილი“ და არ აპირებენ, რომ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართონ.
ეს ინფორმაცია დღეს, 29 ივლისს, გახდა ცნობილი თერთმეტი დემონსტრანტის საქმის მორიგი სასამართლო სხდომისას.
„ეს ეხებათ დანარჩენებსაც“ – ანდრო ჭიჭინაძე
სასამართლოში რადიო თავისუფლების რეპორტიორის ცნობით, ერთ-ერთმა დაპატიმრებულმა დემონსტრანტმა, მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ბრალდებულებს მიუვიდათ ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოიხდიან და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალებით მიმართავენ, გაათავისუფლებენ.
„არ მსიამოვნებს ერთი და იმავეს ლაპარაკი, ამას ვუსვამ ხაზს. რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია და სურვილი, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხებათ დანარჩენებსაც“, – თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
„ძალიან რთულია, კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ: ვაი, თქვენს პატრონს, უბედურს, ვინც ამას ითხოვს! ეს, ბოდიში და, შეწყალება შეუძლია შესთავაზონ იმ პოლიციელებს …. რუსთაველზე რომ დარბოდნენ“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ბრალდება „ჯგუფური ძალადობის“ შესახებ არის „გამოგონილი“.
„ის ვიდეომტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი პროკურატურას, ინდივიდუალურად რომ გაგვერჩია, დანაშაული არ დგინდებოდა, მოიგონეს ჯგუფურობა და უფრო დიდ ჩიხში შეიყვანეს საკუთარი თავი. მე რომ ვინმე დამეზიანებინა, ამდენს არ ვილაპარაკებდი. იმასაც ვამბობ, რომ ვიდეოზე მე ვარ, არც სიტყვიერ შეურაცხყოფას უარვყოფ და არც იმ ქმედებას, რაც ჩანს. იქ ჩანს, რომ არავის ამ ქმედებით საფრთხე არ ექმნება“, – თქვა ჭიჭინაძემ.
„გაიხსენონ, ღმერთს ემსახურებიან თუ სატანას“ – ჯანო არჩაია
ჯანო არჩაიამ მიანიშნა, რომ გზავნილებს ბოდიშის მოხდისა და შეწყალების პერსპექტივის შესახებ სასულიერო პირების მეშვეობით იღებენ:
„მინდა მივმართო ე.წ. მამაოებს, რომლებიც წვერებით დადიან. მინდა გაიხსენონ, ვის ემსახურებიან – ღმერთს თუ სატანას. როცა მოუწოდებთ სულიერ შვილებს, დაფიქრდით, თავად თქვენს შვილებს როგორ უბრაგუნებდნენ და ციხეში ყრიან“, – თქვა მან.
„ეს პოლიტიკას აღარ ეხება და ხმა ამოიღეთ… რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე“, – თქვა არჩაიამ.
„ეს არის ღირსების საკითხი“ – ონისე ცხადაძე
კიდევ ერთმა დაპატიმრებულმა დემონსტრანტმა, კომიკოსმა ონისე ცხადაძემ განაცხადა, რომ შეწყალების თხოვნას არ აპირებს:
„ეს არის ღირსების საკითხი. არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში და არც ვიცი, წაიკითხავს თუ არა. არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელიც ღირსების ორდენით აჯილდოებდა ადამიანებს, რომლებმაც მოქალაქეები ცემეს ქუჩებში და მეორე დღეს სპორტსმენებს აჯილდოებს“.
ირაკლი ქერაშვილი
ამავე საკითხზე ისაუბრა ბრალდებულმა ირაკლი ქერაშვილმა და მანაც დაადასტურა, რომ არ აპირებს, ს შეწყალების თხოვნით მიმართოს:
„არ ვაპირებთ შეწყალებაზე მივმართოთ ე.წ. პრეზიდენტს და დღეს რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს მოწმის საუბარი, მინდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ვინაიდან ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი ხართ თქვენ და თქვენი ნახვა“, – თქვა მან.
ლუკა ჯაბუა
„ვუერთდები ანდროს. ვაი, თქვენს პატრონს!“ – თქვა ლუკა ჯაბუამაც.
„მინდა დავამატო, რომ უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ მოსანანიებელი და ბოდიშის მოსახდელი“, – განაცხადა მან.
გიორგი ტერიშვილი
კიდევ ერთმა ბრალდებულმა დემონსტრანტმა, გიორგი ტერიშვილმაც გაიმეორა, რომ მათ „შესაწყალებელი არაფერი სჭირთ“:
„უდანაშაულოები ვსხედვართ. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ! ბოდიში აქვთ მოსახდელი [ირაკლი] ს, პროკურატურას და ყველა იმას, ვინც უდანაშაულოდ ჩაგვსვა ციხეში“, – თქვა მან.
დღევანდელ სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებიათ იქ მყოფ სხვა დაკავებულებს: ვალერი თეთრაშვილს, რუსლან სივაკოვს და სერგეი კუხარჩუკს.
დღევანდელ, 29 ივლისის სხდომაზე „ჯგუფური ძალადობის“ საქმეზე ბრალდების მხარის მორიგ მოწმეს ჰკითხავენ – მთავარ გამომძიებელ არსენ ხუნაშვილს.
მისი დაკითხვა გუშინ დაიწყო იმ პროცესზე, რომელშიც რვა დემონსტრანტია ბრალდებული, თუმცა ვერ დასრულდა „უხმო ვიდეოსთან“ დაკავშირებული ინციდენტის გამო.
2025 წლის 4 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს შესთავაზა, „დაადასტურონ“, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, სთხოვონ მას შეწყალება და ასეთ შემთხვევაში მათ შეწყალებას დაჰპირდა.
მიხეილ ყაველაშვილს დაკავებული დემონსტრანტებისათვის მსგავსი შეთავაზებით არ მიუმართავს.
ფორუმი