არ ენდოთ გულისცემას — Deepfake ვიდეოები უკვე პულსსაც დამაჯერებლად აყალბებს

კვლევის თანახმად, Deepfake ვიდეოები, რომლებითაც ადამიანთა სახეებსა და ხმებს აყალბებენ, უკვე გულისცემასაც რეალურად ასახავს. ეს ამ ვიდეოთა სიყალბის გამოაშკარავებას დამატებით ართულებს.
“ახლა უკვე ვიცით: მხოლოდ იმის გამო, რომ ვიდეოში ადამიანს პულსი ესინჯება, იგი რეალური მაინც არ უნდა გვეგონოს”, — ამბობს ჰანი ფარიდი, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Imaging გამოქვეყნდა.
Deepfake ვიდეოებს ს (AI) მეშვეობით აყალბებენ ან ქმნიან. ეს არაერთ მიზანს ემსახურება ხოლმე, რომელთა შორისაა: პოლიტიკური პროპაგანდა, პორნოგრაფიის შექმნა ცნობილი ადამიანებისა თუ რიგითი მოქალაქეების მონაწილეობით და ფინანსური თაღლითობა.
ადრე მკვლევრები Deepfake ვიდეოების გამოაშკარავებას კანის ფერის ცვლილებებით ცდილობდნენ, რომლებიც სისხლის მიმოქცევასა და გულისცემასთანაა კავშირში. მიუხედავად ამისა, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ზოგიერთი Deepfake ვიდეო გულისცემას დამაჯერებლად აყალბებს.
პიტერ აიზერტმა და თავისმა კოლეგებმა, ფრაუნჰოფერის ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის მეცნიერებმა, Deepfake-ების დეტექტორი შექმნეს, სახელად rPPP. იგი ნამდვილ და ყალბ ვიდეოებში ადამიანის პულსს აანალიზებდა. მკვლევრებმა ნამდვილ ადამიანთა ვიდეოებიც გადაიღეს. ისინი მონაწილეთა სახის გამომეტყველებებსა და გულისცემას ერთდროულად იწერდნენ, რათა დეტექტორის სიზუსტე შეემოწმებინათ.
ამის შემდეგ ნამდვილ ვიდეოებში ციფრულად შეცვლილი სახეები ჩასვეს, რაც დეტექტორს Deepfake-ის არსებობაზე უნდა მიანიშნებდეს. ამის მიუხედავად, დეტექტორმა რეალური გულისცემა ორივე ვიდეოში აღიქვა — ყალბშიც და ნამდვილშიც. Deepfake ვიდეოებში გულისცემა რეალურს ძალიან ჰგავდა.
“მხოლოდ იმიტომ, რომ Deepfake-ების რამდენიმე გენერატორმა ფიზიოლოგიური სიგნალის გამეორება შეძლო, არ ნიშნავს, რომ ამას ყველა გენერატორი შეძლებს”, — ამბობს ფარიდი.
ნაშრომის ავტორები უკვე იკვლევენ Deepfake-ების გამოსავლენად ახალ მეთოდებს, თუნდაც სახეებზე სისხლის მოძრაობაში კანონზომიერებების დაფიქსირებას.
მეორე მხრივ, მკვლევარ სივეი ლიუს თქმით (იგი კვლევაში ჩართული არ ყოფილა), ასეთმა მიდგომებმა შეიძლება დროთა განმავლობაში ეფექტიანობა დაკარგოს, რადგან გენერაციული AI ინსტრუმენტები სულ უფრო და უფრო უკეთ იმეორებს რეალურ გულისცემასა და სხვა ფიზიოლოგიურ ნიშნებს. გარდა ამისა, დაბალი ხარისხის ვიდეოდან პულსის ამოღება საკმაოდ რთულია.
ლიუს აზრით, უფრო ეფექტიანი შედარებით შეუმჩნეველ განსხვავებებზე დაკვირვებაა, თუნდაც პიქსელების სიკაშკაშეზე. ადამიანს ამის ინტუიციურად გარჩევა არ შეუძლია.
· გადახედვა მეცნიერება თევზები კოსმოსში — ფრანგი მეცნიერები ასტრონავტების საკვების გამრავალფეროვნებაზე ფიქრობენ თევზები კოსმოსში — ფრანგი მეცნიერები ასტრონავტების საკვების გამრავალფეროვნებაზე ფიქრობენ
· გადახედვა ხელოვნური ინტელექტი ChatGPT მლიქვნელობას წყვეტს: უქმდება განახლება, რომელმაც ჩატბოტის ქცევა შეცვალა ChatGPT მლიქვნელობას წყვეტს: უქმდება განახლება, რომელმაც ჩატბოტის ქცევა შეცვალა