არ დაგვივიწყოთ. ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა — ანტონ ჩეჩინის წერილები ციხიდან

სინდისის პატიმარი ანტონ ჩეჩინი, ეროვნებით რუსი ანტპუტინისტი აქტივისტი, რომელიც 3 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში, აქ დაოჯახდა და საქართველოშიც აქტიურად ჩაერთო მიმდინარე პროტესტში, ციხიდან წერს, რომ 4 ოქტომბერი ბრძოლის გადამწყვეტი დღეა პროევროპულ, „ქართული ოცნების“ რეპრესიული და პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ უწყვეტ პროტესტში.
ანტონ ჩეჩინის საქმე ერთ-ერთია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული 5 საქმიდან, რომელიც „ოცნების“ რეჟიმმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ შეკერა. ანტონის გარდა, ანალოგიური საქმეები შეკერეს ასევე წარმოშობით რუსი აქტივისტების, ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულის წინააღმდეგ, გიორგი ახობაძის, ნიკუშა კაციას, თედო აბრამოვის წინააღმდეგ. გიორგი ახობაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გაათავისუფლა დარბაზიდან, ნიკუშა კაცია და თედო აბრამოვი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა. ანტონ ჩეჩინ, ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულს „არ გაუმართლათ“. მოსამართლეებმა, ჯვებე ნაჭყებიამ და ნინო გალუსტაშვილმა ისინი 8 წლითა და 6 თვით გაუშვეს ციხეში.
არცერთ ამ საქმეში არ იყო ობიექტურად ნეიტრალური მტკიცებულება, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა გამოძიებას/პროკურატურას. განსხვავება ეროვნებით ქართველი და რუსი აქტივისტების საქმეებს შორის ის იყო, რომ ნეიტრალურ მტკიცებულებად, ნეიტრალურ მოწმედ გაასაღა პროკურატურამ -სთან დაახლოებული თარჯიმანი, რომელიც რუსი აქტივისტების დაკავება-ჩხრეკის ეპიზოდში ფიგურირებდა.
ანტონის 13 და 14 სექტემბრის წერილები ნეტგაზეთს ანტონის მეუღლემ, მანჩო სამხარაძემ მოაწოდა.
ანტონის წერილებს ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.
13 სექტემბრის წერილი:
„ყველას გამარჯობა! დიდი ხანია არ მომიწერია, არ ვკარგავდი სამართლიანი სასამართლოს იმედს. არ გამოვიდა ისე, როგორც მინდოდა.
უნდა გათავისუფლდეს! ეს აბსურდული დაკავება გამოწვეული იყო ქართული ოცნების შიშით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. გაერთიანების დროა, პარტიის ნომრის მიუხედავად. ბორენკა სპეცრაზმს ამზადებს 4 ოქტომბრისთვის. მე კი ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს არმია საერთაშორისო კონვენციების თანახმად, მშვიდობიან მოსახლეობას დაიცავს და წინააღმდეგობას გაუწევს არალეგიტიმური მთავრობის არაკანონიერ ქმედებებს!
ქოცებმა დაამტკიცეს, რომ მოქმედებენ ყველაზე დამამცირებელი მეთოდებით, არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ საქართველოს მოქალაქეების, უბრალო აქტივისტების წინააღმდეგაც. შეუძლიათ ქალების, ხალხის ცემა და ყველანაირი კანონის მიღება, რაც შეიძლება და არ შეიძლება.
სამართლიან ს ლოდინი არ ღირს, ისინი ძალით ეცდებიან ძალაუფლების შენარჩუნებას. 4 ოქტომბერს ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას: რეპრესიებს, კორუფციას, ანტი-ამერიკულ და ანტი-ევროპულ გეზს, პრორუსულ კურსს, სიღარიბეს და ა.შ. ახლა თუ ვერ მივაღწევთ გამარჯვებას ამ ბოროტებაზე, დროთა განმავლობაში უარესი იქნება: სანქციები, უვიზო რეჟიმის დაკარგვა, არჩევნების გაუქმება, კონსტიტუციის ცვლილება, მოქალაქეების თავისუფლების წინააღმდეგ კანონების მიღება, ს ფედერაციასთან შეერთება.
ქართულმა ოცნებამ სპეციალურად ჩაგვსვა ციხეში რუსეთის 3 მოქალაქე, მათ არ იცოდნენ, რომ თქვენ მხარს დაგვიჭერდით. ამასთანავე, მათ უნდოდათ იმის დამტკიცება, რომ, თითქოსდა, რუსეთისკენ არ არიან. ხოლო, 3 ქართველის გამოშვებით იმის ჩვენება სურდათ, რომ მათი სასამართლოები ობიექტური და სამართლიანია. ეს ასე არ არის. ჯვებე ნაჭყებიამ და ნინო გალუსტაშვილმა წინასწარ მომზადებული განაჩენები წაიკითხეს, არც კი უსმენდნენ ჩვენს საბოლოო სიტყვებს. განაჩენები სხვა ადამიანებმა მოამზადეს და არა მოსამართლეებმა.
არჩილ ნაცვლიშვილი (გამომძიებელი) აქტივისტების ბევრ საქმეში ფიგურირებს, მე ის შევნიშნე 11 პირის საქმეშიც სერგეი კუხარჩუკთან. თარჯიმანი შორენა ტაბატაძე ციხეში უნდა იყოს ცრუ ჩვენებების მიცემის გამო! სამს მოგვისაჯეს 8 წელი და 6 თვე მისი ტყუილების გამო. ის მუშაობს ზუსტად ისევე, როგორც პოლიციელები, ვინაიდან, მისივე სიტყვებით, მათ მეგობრული ურთიერთობები აქვთ, ისინი ერთად სადილობენ და ვინ იცის, კიდევ რა ხდება მათ შორის.
„კარგი“ წყვილია შმაგი გობეჯიშვილი და ნუგზარ ჭიტაძე [პროკურორები]. იმედი მაქვს, რომ მათთვის დაწესებული სანქციები არ გაუქმდება. ისინი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უნდა გაასამართლოს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.
მოგვწერეთ მეტი წერილი ციხეში, არ დაგვივიწყოთ. ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება მედიას! თავისუფლება საქართველოს! 4 ოქტომბერს მხოლოდ გამარჯვება!“
14 სექტემბრის წერილი უფრო მოკლეა. აქ ანტონი ისევ იხსენებს მისი და სხვა რუსი აქტივისტების საქმეებს, რაზეც წინა წერილში საუბრობდა. კიდევ ერთხელ ეხება 4 ოქტომბრის თემასაც:
„4 ოქტომბერს ყველა ქართველი, ყველა პატრიოტი და ყველა ის, ვისაც უკვე აღარ შეუძლია ქართული ოცნების მიერ მოწყობილი ამ ქაოსის თმენა, უნდა იყოს რუსთაველზე. მთელი ეს შოუ, რომელსაც არჩევნებს ეძახიან, დემოკრატიულ სამყაროში აღიარებული არ უნდა იქნას. ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლებული უნდა იყოს 2025 წლის 4 ოქტომბრამდე! რეპრესიები რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. ციხეში უკვე ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს. არ აქვს მნიშვნელობა, დანაშაული იქნება ჩადენილი თუ არა. 4 ოქტომბერს ბრძოლის გადამწყვეტი დღეა, თქვენს ხელშია ძალა, რომ ივანიშვილის პრორუსული რეჟიმი შეაჩეროთ. საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, ძლიერი და დამოუკიდებელი!“

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა – ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები – პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს