“არ დაგვეხოცა. სიკვდილიანობა ნიშნავს იმას, რომ დავკალით” – სად წავიდა 200-მდე სული საქონელი?

„ყვარლის ბაგას“ მფლობელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ 200-მდე სული საქონელი კი არ დაეხოცათ, არამედ სასაკლაოზე დაკლეს და გაყიდეს. ასე უპასუხა ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ჟურნალისტის კითხვას – რა უყო კომპანიამ 200-მდე სულ საქონელს, რაზედაც სასამართლოს საქმის მასალებში სიტყვა „სიკვდილიანობაა“ მითითებული.
საქმე ის არის, რომ როგორც „რადიო თავისუფლების“ გამოძიებიდან გახდა ცნობილი, „ყვარლის ბაგას“ მფლობელი აცხადებს, რომ 2018-2019 წლებში კომპანია „ჩირინასგან“ შეძენილმა, დაახლოებით, 2 700 ტონა ქათმის გადაუმუშავებელი ნაკელმა, რომელსაც საქონლის საკვებად იყენებდა, „პირუტყვი სიკვდილიანობა გაზარდა“, რადგან ქათმის სკინტლი თურმე ანტიბიოტიკებს შეიცავდა. თავის მხრივ, „ჩირინას“ მფლობელი რეზო ვაშაკიძე ამტკიცებს, რომ ის ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა საკვებად. ორ ბიზნესმენს შორის რუსთავის სასამართლოში დაწყებული დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა და ლაშა პაპაშვილის გამარჯვებით დასრულდა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილის გადაწყვეტილებით, „ჩირინას“ „ყვარლის ბაგასთვის“ 4.7 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა, საიდანაც 3 მლნ ლარი მიუღებელი შემოსავალია. ბიზნეს-დავა ამჟამად სააპელაციო სასამართლში მიმდინარეობს.
ფოტო: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან/საქმე №2/11753-24 /330210024009277878
ლაშა პაპაშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში თქვა, რომ სასამართლოს საქმის მასალებში მითითებული სიტყვა „სიკვდილიანობა“ საქონლის დახოცვას არ ნიშნავს. ბიზნესმენი ამბობს, რომ რომ 200-მდე სული საქონელი, რომელსაც ანტიბიოტიკიანი ნაკელის მიღების გამო წველადობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, სასაკლაოზე დაკლეს და გაყიდეს. “ყვრლის ბაგას” მფლობელი ირწმუნება, რომ საქონლის ხორცი საკვებად ვარგისი იყო.
– სად წავიდა „ყვარლის ბაგას“ 200-მდე სული საქონელი, რომელიც დაგეხოცათ? სასამართლოს საქმის მასალებში გამოყენებულია სიტყვა „სიკვდილიანობა“?
– არა, არ დაგვეხოცა… ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავკალით ძროხები, რადგან ისინი რეზისტენტულები გახდნენ; იყო დახოცვის ქეისებიც, მაგრამ ამაზე საგადასახადო [შემოსავლების სამსახური] მოდის, როცა სასაკლაოზე დამარხვა ხდება და არა სურსათის ეროვნული სააგენტო… ძალიან ცოტა იყო ეგეთი.
– ჯამში, 2018-2019 წლებში რამდენი პირუტყვი დაგეხოცათ? საზოგადოებაში ამაზეც გაჩნდა კითხვები – „იქნებ დახოცილი ძროხები დახლზე მოხვდა და ვიყიდეთ?“
– დახოცილი ძროხა სულ იქნება თითზე ჩამოსათვლელი, წელიწადში 10-15-20, მაგდენიც არ იქნება… „ყვარლის ბაგაში“ 3500-მდე ძროხა გვყავს…
– სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით, „2018 წლის 1 აგვისტოდან წლის ბოლომდე პირუტყვის სიკვდილიანობამ შეადგინა 79 ძროხა, 8 დეკეული და 36 ხბო. ამ ნაწილში კომპანიამ განიცადა 450 971.53 ლარის ღირებულების ზიანი, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან 25 ივლისამდე შეადგინა 115 ძროხა, 8 დეკეული და 22 ხბო“… ანუ სიკვდილიანობა სიკვდილს არ ნიშნავს?
– სიკვდილიანობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკალით. აბა, რას ნიშნავს?!
– მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, მათ შორის მეც, ჩავთვალეთ, რომ სიკვდილიანობა საქონლის დახოცვას ნიშნავს, ამიტომაც გთხოვთ განმარტებას…
– 3-5-დღიანი მკურნალობის მერე, ანტიბიოტიკი საშიში აღარაა და იწყება ის პრობლემები, რაც მოქალაქეს არ აწუხებს… საქონლის ხორცზე ზემოქმედება არ აქვს ენდომეტრიტს; პრობლემა არაა, რომ გაბერწდა საქონელი; აბორტი ჰქონდა და ა.შ… ამ ინდუსტრიაში ვარ 12 წელია და იაპონიიდან პორტუგალიამდე ვუყურებ რა ხდება ამ სფეროში, ჩვენი მომხმარებლის საბედნიეროდ.
– 200-მდე ძროხა რა მდგომარეობაში, სანამ გაყიდდით და როგორ დავიჯეროთ, რომ ჯანმრთელი საქონელი გაყიდეთ?
– სასაკლაოზე რომ ვაგზავნი ძროხას, როგორ ფიქრობთ, რომელს გავაგზავნი?! ჯანმრთელს გავაგზავნი?! მეწველს გავაგზავნი?! არაბერწს გავაგზავნი?! არაენდომეტრიტიანს გავაგზავნი?! ვაგზავნი, რომელიც უკვე პრობლემურია…
– რას გულისხმობთ პრობლემურში?
– პრობლემურია, როცა საქონელი გაბერწდა, აბორტი ჰქონდა და ა.შ.
– შეიძლება ისეთი საქონელი დაკალით და გაყიდეთ, რომლის ორგანიზმშიც ანტიბიოტიკი იყო?
– ანტიბიოტიკს ვერ შეიძლება, რომ შეიცავდეს; ჩვენ არ ვყიდით, ყოველდღიურად წუნი გვაქვს ასეთი, დადგენილია საწარმოში, რომ წლიურად დაახლოებით, 20-30 000 ლიტრი რძე იღვრება, არ შედის, წუნია ეს დადგენილი ჩვენთან. ვერ მივაწვდი მე „სანტეს“ და „პეპსიკოს“ [წუნიან რძეს]… სხვათა შორის „პეპსიკოზეც“ უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანული ზრდის გამო გაუფუჭეს მთელი ავტორიტეტი და ასეთი მოთამაშეების ბაზრიდან გაყვანა შეიძლება?! სულ 6 თვეა, რაც რძის ჩამოსხმა დაიწყო – აზერბაიჯანს შეუკევთა რძე. მე კი ვთხოვდი, ქართული რძე ჩამოესხა, მაგრამ თავისი ტენქოლოგიური პროცესები აქვთ… ყველამ უნდა დაუჭიროთ მხარი „პეპსიკოს“ – თქვენ, სეს-მა, რათა ბაზრიდან არ გავიდეს…
– კიდევ ერთი კითხვა 200-მდე საქონლის „სიკვდილიანობაზე“… სასამართლოს საქმის მასალებში თქვენ მიერ დართული ზედნადებების თანახმად, მაგალითად, კომპანია „ფრეშ ხორცმა“ [გიორგი კალატოზიშვილი] 1 კილო ხორცი 1 ლარად ან 1.5 ლარად იყიდა… რატომ ასე იაფად?! ეს ცოცხალი წონის ფასია?!
– დიახ.
– საბაზრო ფასია?
– არა… ახლა უფრო მაღალ ფასში ვყიდით, მაგრამ შედარებით დაბალი ფასია, რადგან ცოცხალი წონაა. აქედან 45-45% ამოდის სუფთა, გასაყიდი ხორცი.