ფესტივალი West Fest Kutaisi ადასტურებს, რომ გამომსვლელებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავშეკავება სთხოვა.
„West Fest Kutaisi-ის დამფუძნებლები ვრჩებით საწყის აზრზე, რომელიც ფესტივალის შექმნის დროს გაგვაჩნდა. ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, არ გვინდოდა ფესტივალს მიეღო პოლიტიკური ელფერი. შესაბამისად, პერსონალური თხოვნის საფუძველზე ყველა მონაწილე ბენდთან ერთი თვის წინ, მათ შორის Loudspeakers-თან შევთანხმდით, რომ ფესტივალს არ მისცემოდა პოლიტიკური სახე და ქალაქს ჰქონოდა განტვირთვისა და გემოვნებიანი მუსიკის მოსმენის საშუალება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, ჩვენ არ გვინდოდა პოლიტიკური სახე მისცემოდა ფესტივალს. ორგანიზაცია არის არაპოლიტიზირებული, არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი. West Fest Kutaisi არის კერძო პირების მიერ კომერციული მიზნით შექმნილი ორგანიზაცია“, – ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.
რაც შეეხება Loudspeakers, West Fest Kutaisi-ის ცნობით, პირველადი შეთანხმების მიუხედავად, ჯგუფმა ვერ შეძლო თხოვნის გათვალისწინება და ფესტივალზე გამოსვლაზე უარი განაცხადა.
„ჩვენ პატივს ვცემთ ყველას ინდივიდუალურ აზრს. ფესტივალის მიზანი არის ქუთაისის ცნობადობის გაზრდა მუსიკალური თვალსაზრისით“, – ნათქვმია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.
6-7 სექტემბერს ქუთაისში იმართება ფესტივალი West Fest Kutaisi. ფესტივალის პროგრამაში იყვნენ: Skazz, 4D Monster Lobsters, Hymera, Tamada, DJ Somali, გაუმოუვალი მდგომარეობა, ოჩოს ქოხი და Outsider და LOUDspeakers.
თუმცა, LOUDspeakers-მა გუშინ განაცხადა, რომ ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რადგან ორგანიზატორების თქმით, სცენიდან გაკეთებული ნებისმიერი სახის საპროტესტო მესიჯი ფესტივალს შეუქმნის საფრთხეს.
„სადაც რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ადგილი არ არის, არც ჩვენი ადგილია”, – განაცხადა LOUDspeakers-მა.
