საქართველოში საწვავის იმპორტი კლების ტენდენციას აჩვენებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში, ქვეყანაში ჯამურად 875 ათას ტონაზე მეტი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც თითქმის 6%-ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს, რა დროსაც საქართველოში თითქმის 930 ათასი ტონა საწვავი იმპორტირდა.აღსანიშნავია, რომ მხოლოდ აგვისტოს თვის მონაცემებით, ბენზინის იმპორტი გაზრდილია, დიზელის კი – შემცირებული. კერძოდ, 2026 წლის აგვისტოში საქართველომ 77 ათას ტონაზე მეტი ბენზინი შეიძინა, რაც 2025 წლის აგვისტოს მონაცემს 19,3%-ით აღემატება. რაც შეეხება დიზელს, აგვისტოში ქვეყანაში 46 ათას ტონამდე დიზელი იმპორტირდა, კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,2%-ია.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა, ამჟამად, საქართველოსთვის ბენზინის მომწოდებელი ქვეყნები, ძირითადად, ევროპული სახელმწიფოებია – ბულგარეთი, რუმინეთი, კვიპროსი და საბერძნეთი. დიზელი კი, უმეტესად, აზერბაიჯანიდან შემოდის, ვინაიდან რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.იობაშვილმა ფასების დინამიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აგვისტო, ამ მხრივ, საკმაოდ სტაბილური იყო.„აგვისტოს თვე ჩვენ გავიარეთ სტაბილურად, ანუ საწვავზე ფასები მომატებული იყო, თუმცა დიდი რყევები და ცვლილებები გასულ თვეში არ მომხდარა. რაც შეეხება სექტემბერს, ჩვენ შეიძლება ველოდოთ იმას, რომ ძალიან დიდი ნაკადი ადამიანების, დასვენების შემდგომ, დაბრუნდება უკან – ქალაქებში, საკუთარ სახლებში და ბუნებრივია, შიდა ბაზარზე საწვავის მომხმარებელთა რიცხვი მოიმატებს. მოხმარების ზრდა კი, თავისთავად, ფასებზე ზეწოლას ახდენს, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ საწვავი კიდევ გაძვირდეს“, – განმარტა ვახტანგ იობაშვილმა.ცნობისთვის, ამჟამად, გლობალურ ბირჟებზე, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 96 დოლარამდე ღირს.წყარო: “ბიზნესპარტნიორი”
