თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი მომავალში, ნორმალური მთავრობის ხელში, მის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით, ნათია თურნავას პასუხისგების საკითხს არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ მისი და ივანიშვილის სამართლებრივ დავაში, ეროვნული ბანკის აწ უკვე პრეზიდენტი „ქართუ ბანკის“ წერილობითი განმარტების საფუძველზე ვერ დაადგენდა, რომ ივანიშვილი ინვესტორი იყო. ის აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს საქმეში სებ-ის შემოყვანა მტკიცებულებების არქონის გამო დასჭირდა. ბაჩიაშვილი განმარტავს, როგორ მოხდა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში სებ-ის გამოჩენა და აღნიშნავს, რომ ნათია თურნავა მოსამართლის ფუნქციას ვერ შეითავსებს.
„ამას ჰქვია გამოძალვაში თანამონაწილეობა… როდესაც ბანკი სესხს ან „ინვესტიციას“, მასთან დაკავშირებულ პირზე გასცემს – მეპატრონეზე ან მის ნათესავზე, მან გარკვეული სარეზერვო მოთხოვნები უნდა შეასრულოს, ანუ ეროვნულ ბანკს უნდა შეატყობინოს და ეს სესხი სხვანაირი პროცენტით უნდა დარეზერვდეს. იმიტომ რომ დეპოზიტარების ფული მეპატრონის მიერ თავის სასარგებლოდ არ იქნეს გამოყენებული. ეს სესხი რადგან ჩემი იყო, „ქართუ ბანკს“ ეროვნული ბანკისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია, რომ ეს ბიძინასი იყო… არც უნდა მიეწოდებინა, იმიტომ რომ სესხი ჩემი იყო.
2023 წელს ეროვნულმა ბანკმა თავის წერილში თქვა, რომ მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად ჩვენ გამოვითხოვეთ სასესხო ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტები „ქართუ ბანკიდან“ და დავასკვენით, რომ ეს სესხი იყო ივანიშვილის ინვესტიცია. ამისთვის „ქართუ ბანკი“ დააჯარიმეს. ეროვნულ ბანკს „ქართუ ბანკი“ და ნებისმიერი სხვა ბანკი შეუძლია ნებისმიერ სხვა დარღვევებზეც დააჯარიმოს, როდესაც ეს ბანკი არ ატყობინებს მას რაღაცის შესახებ.
თუმცა ის, რომ ეროვნულმა ბანკმა დაადგინოს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ინვესტორი, მხოლოდ და მხოლოდ „ქართუ ბანკის“ წერილობითი განმარტების საფუძველზე და ეს სასამართლომ გამოიყენოს, გამორიცხულია, რადგან ნათია თურნავა ვერ იქნება მოსამართლე და მის ფუნქციას ვერ შეითავსებს. ის ვერ იტყვის, ივანიშვილი ინვესტორი იყო თუ ბანკის სესხი იყო. მას [ნათია თურნავას] მოუწევს სასამართლოში მოსვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა. მე არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნორმალური მთავრობის ხელში იქნება მას პასუხისგებაც მოუწიოს“, – აცხადებს ბაჩიაშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
აღნიშნული ქმედება კი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/iago-bitarishvili_w_h-iLAsQr-300x169.jpeg)