სუპერმარკეტების ქსელი “სუზალას” დამფუძნებელი, სულხან წულაძე მიიჩნევს, რომ ბიზნესისთვის ქვეყანაში სტაბილური გარემო უმთავრესია. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა ხმა უნდა ამოიღოს და ის კონფორმიზმი, რაც სექტორშია, უნდა დასრულდეს.
„თუ გვჭირდება, რომ ქვეყანა ზოგადად განვითარდეს და არ იყოს პრობლემა, მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა ხმა უნდა ამოვიღოთ და ის კონფორმიზმი რაც არის, ეს უნდა მოკვდეს. არ გვჭირდება მსგავსი რამ. ისე ქვეყანას ვერ ავაშენებთ. შვილები მოდიან, რომლებმაც ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ და მათთვის უნდა შევქმნათ გარემო.
ბიზნესმა თავისი სიტყვა ყოველთვის უნდა თქვას. ბიზნესს სჭირდება სტაბილურობა. ყველაზე ცუდი ბიზნესისთვის არასტაბილურობაა. ასევე ვალუტის კურსი უნდა იყოს სტაბილური, რომ მომწოდებელმა, იმპორტიორმა შეძლოს ამის გათვლა. დღეს კურსი არასტაბილურია, შესაბამისად, იმპორტიორი უფრო მაღალ ფასში ანგარიშობს. ეს კი მომხმარებელზე გადადის. რყევები ყოველთვის შეგვჭამს და ისევ მომხმარებლისგან უნდა ამოვიღოთ ეს ფული. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში, მთავარია იყოს სტაბილურობა“, – ამბობს ბიზნესმენი.