„ზუსტად მზია ამაღლობელი, როგორც სიმბოლო წინააღმდეგობის მოძრაობისა, მათ აშინებთ… ივანიშვილის რეჟიმი მილიონებს ხარჯავს, რომ მზია ამაღლობელით დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი სინდისის პატიმრით, ასევე, თქვენით და ჩემით დამთავრებული – არ იყოს არანაირი თანაგრძნობა. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენ მათთვის ვიყოთ საძულველები. ისინი ჩვენ არ მიგვიჩნევენ ადამიანებად. ეს არის დეჰუმანიზაცია,“ – მიიჩნევს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელსაც ნათლისღებასთან დაკავშირებულ შეწყალებაზე ვესაუბრეთ.
რა გამოჩნდა 2026 წლის 19 იანვარს, ნათლისღებას, როცა თოვაში, ციხეების გამოსასვლელებთან მთელი დღე-ღამით მყოფ ადამიანებს ქრისტიანულ ღირებულებებზე მოსაუბრე „ოცნების“ მთავრობამ არც კი უთხრა, ვინ შეიწყალეს? – სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ მწერალ ლაშა ბუღაძეს.
- ბატონო ლაშა, რა გამოჩნდა თქვენთვის ყაველაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებულ პროცესში? „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც საუბრობს ეკლესიურობასა და ტრადიციებზე, ციხეებთან თოვაში მთელი დღე და მთელი ღამე უპასუხოდ ტოვებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს…
ალბათ ილუზია არავის ჰქონია, ან ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გვქონდეს ივანიშვილის მხრიდან გულმოწყალების, საერთოდ რაღაცნაირი ემპათიურობის თვისების ქონის. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენ მათთვის ვიყოთ საძულველები. ისინი ჩვენ არ მიგვიჩნევენ ადამიანებად. ეს არის დეჰუმანიზაცია, ამ სიტყვის ძალიან გამოცდილი მეთოდით.
ვისაც შეიძლება კიდევ ჰქონდეს განცდა, რომ „ოცნებას“ იქნებ რაღაც შერჩა – თქვენი თქმისა არ იყოს, ქრისტიანული, ან ქართული, რაც ქართული ტრადიციებისა და ეთიკის გარკვეულ ლოგიკაში შეიძლება ჩაჯდეს [ისინი ხომ თავს ასეთად დეკლარირებენ], ცხადია, ეს გულუბრყვილობაა.
ვიმეორებ, ივანიშვილის რეჟიმი მილიონებს ხარჯავს, რომ მზია ამაღლობელით დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი სინდისის პატიმრით, ასევე, თქვენით და ჩემით დამთავრებული – არ იყოს არანაირი თანაგრძნობა.
ეს დიქტატორულ რეჟიმებს, ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ.
- თქვენი დაკვირვებით, „ოცნების“ ამომრჩეველს მოსწონს ასეთი სასტიკი დამოკიდებულება სინდისის პატიმრების მიმართ?
კვლევები, რაც მინახავს, რაც მსმენია, „ოცნების“ ამომრჩეველსაც, რომელიც მერყეობს სადღაც 35 %-მდე, აწუხებს სინდისის პატიმრების ციხეში ყოფნა, თუმცა მათ თანაგრძნობის განცდა არ აქვთ. ისინი მიიჩნევენ, რომ უმჯობესია, ეს ადამიანები პატიმრობაში არ იყვნენ.
თუკი ამას შევხედავთ ივანიშვილის პერსპექტივიდან, მდარე, მაკიაველური პერსპექტივიდან – რაში სჭირდება მას შეწყალება? ერთადერთი იმისთვის, რომ ქოცებს აი, ეს დისკომფორტი არ ჰქონდეთ? ეს ჩანდა, მაგალითად, საპატრიარქოს სიგნალებიდანაც, ხომ?! ცნობილია ეს განცხადებები.
მაგრამ „ოცნების“ თვალთახედვით, პროტესტი დღეს არ არის საფრთხის მომტანი – ტროტუარზეც კი აღარ გვაყენებენ, ისეთი დრაკონული კანონები მოქმედებს. პრინციპში აღიარება ვერ მიიღეს. ყაველაშვილმა თქვა კიდეც, მაღიარონ და კი ბატონოო.
რა გამოდის, რაში გაცვალონ მაშინ ეს შეწყალება? ამიტომაც, ვახსენე პრიმიტიული, მაკიაველისტური ლოგიკა.
- ანუ ივანიშვილმა სინდისის პატიმრების შეწყალების საკითხი ვერ გამოიყენა პოლიტიკური ვაჭრობისთვის, ლეგიტიმაციისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ?
ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] ვაჭარია. მისთვის მორალი მართლაც მგლის თავზე სახარების კითხვაა. რაში სჭირდება ეს? იმიტომ, რომ კეთილი იყოს? – არ არის კეთილი, ბოროტია, რუსულია მთელი თავისი ცნობიერებით. პირიქით, ღამესაც გაგათენებინებს, ღამეებსაც და კიდევ უფრო უარესს იზამს.
- წუხელ ყველაზე ხშირად ახსენებდნენ ადამიანები სოციალურ ქსელში სიტყვა „სადისტს“…
დიახ.
მოგეხსენებათ, როგორია ირანული რეჟიმი: მკვლელობებამდე ჯერ არ მისულან პირდაპირი მნიშვნელობით… ირანელებმა დახოცეს ახალგაზრდები და ახლა ავაჭრებენ მშობლებს გვამების გაცემაზე.
ბოლომდე გადაჯეგვაა მიზანი. სტალინური ტერორიც ეს იყო: ხის მორებზე აწერდნენ გამქრალი ხალხის სახელებს და გვარებს… ვიღაც გვეტყვის, რომ ეს პარალელები ძალიან შორია და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს პარალელები პირდაპირი გახდეს. მაგრამ ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც მუშაობს დეჰუმანიზაციაზე, ჩვენ დეჰუმანიზაციაზე. ისინი ჩვენ მიგვიჩნევენ არარაობებად, არაფრად.
ჩვენ „ოცნებისთვის“ პრობლემა ვართ. მზია ამაღლობელი მათი რეჟიმისთვის ცალსახად პრობლემაა. საფრთხეა მზია ამაღლობელი და ეზიზღებათ, არც მეტი, არც ნაკლები. საერთოდ, ამ ტერმინის, „შეწყალების“ გამოყენებაც, არა მგონია, რელევანტური იყოს. აქ ტყვეობიდან გათავისუფლების მცდელობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.
ზუსტად მზია ამაღლობელი, როგორც სიმბოლო წინააღმდეგობის მოძრაობისა – ევროკავშირის ჯილდო სწორედ ამაზე მეტყველებს – მათ აშინებთ. ნებისმიერი ჩვენი წელში გამართულობა, რასაც გამოიწვევს ნებისმიერი კარგი აქტი, ანუ ჩვენ ხომ გავბედნიერდებოდით დღეს მზია ან სხვა პატიმრები რომ გარეთ ყოფილიყვნენ, მათ აშინებთ.
ამიტომაც, ივანიშვილის შეკითხვაა: რატომ უნდა შეიწყალოს? არც აღიარება, არც პატივისცემა, არც ლეგიტიმაცია, არც მონანიება – არაფერი. გუშინდელი ღამე კიდევ ერთი შეხსენებაა: არანაირი, მინიმალური მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს, რომ მათში ვიღაც არის ადამიანი. არ არის.
ამ ბანდის ნებისმიერი წევრის უკან დგას ივანიშვილი, რომელსაც არანაირი ემპათია და თანაგრძნობის აუცილებლობა არ უდგას.
- გამოვა დეჰუმანიზაცია ჩვენს მოცემულობაში? საზოგადოების რეაქცია რას აჩვენებს?
ყველაზე მძიმე არის ის, რომ ასეთ რეჟიმებს ეს გამოსდით. არსებობენ კონფორმისტები, აგრესიული ადამიანები, სეირის მაყურებლები ან ესკაპისტები, რომლებიც საერთოდ გაურბიან რეალობის დანახვას.
ვიცით არაერთი პროპაგანდისტული ფორმულა, რომელსაც ამეორებინებენ ხალხს. მაგალითად, ელენე ხოშტარია ქოცმა კი არ დაიჭირა, არამედ „თავი დააჭერინა“. ელენე ხოშტარიამ რაღაც ფლომასტერით მიახატა კალაძის ფოტოს – ამის გამო რომ ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს, ეს არგუმენტი ქრება და ანაცვლებს არგუმენტი: „თავი დააჭერინა“.
თუმცა წინააღმდეგობა არ არის გატეხილი. ეს წინააღმდეგობა ვერც გატყდება. ეს არის ჩემი განცდა და მოლოდინი.
მეორე მხრივ, ივანიშვილის ავტოკრატია არ არის ძლიერი. მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ისეთი რაღაც გააკეთონ ჯერჯერობით, რაც გააკეთა ლუკაშენკომ, მით უმეტეს პუტინმა, ან თუნდაც ალიევმა. აქ სხვადასხვა ფაქტორია.
ივანიშვილის დღევანდელ წერილში [მას ერთ-ერთი პროპაგანდისტი ავრცელებს თავისი სახელით, ვგულისხმობ შათირიშვილის მორიგ წერილს], ჩანს ივანიშვილის წუხილები. ივანიშვილმა ვერ გაიგო თავისი ადგილი ამ სამყაროში ტრამპისა და პუტინის პირობებში, ეწუწუნება პუტინს: აგერ, შენს მოკავშირეებს არ იცავ და მე რა ვქნა ახლაო?!
„ოცნებას“ კრიზისი აქვს – გაღატაკებული ქვეყანა, კლანებს შორის დაპირისპირება, ღარიბაშვილი ციხეშია – ეს ნამდვილად არ სიამოვნებთ, ვინაიდან ღარიბაშვილი ბნელ საქოცეთში იყო პოპულარული, ხოლო კობახიძე რაღაც გაურკვევლობაა მათთვისაც. ბნელი საქოცეთისთვის ღარიბაშვილია ავტორიტეტი და არა კობახიძე.
ხშირად ჩვენ მათი კრიზისები გვავიწყდება, იმდენად მოცულები ვართ მორალური თვალსაზრისით, შოკით, გვიჭირს ამდენი ამბის გადახარშვა, მაგრამ კრიზისი აქვს ივანიშვილს: უპირველეს ყოვლისა, აქცენტს მაინც სწორედ მის უიდეობაზე გავაკეთებდი. ეს არის უმთავრესად მათი სისუსტის საფუძველი.
- „ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი – „აბა, ომი გინდათ?“ თვლით, რომ აღარ იქნება საკმარისი ივანიშვილისთვის მიტაცებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად?
გარანტია არც ივანიშვილისთვის არ არსებობს, რომ უსაფრთხოდ არის. ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, რომ საქართველოს უსაფრთხოება კიდევ უფრო ფხვიერი გახდეს. პირიქით, დამოკლეს მახვილი თუ ვინმეზე კიდია, მასზე კიდია, როგორც ნებისმიერ ტირანზე, მით უმეტეს მისნაირ ტირანზე, რომელიც უბრალოდ ორიენტირებულია იმაზე, რომ თავისი კაპიტალი როგორმე არ დაკარგოს და მისი პირადი უსაფრთხოება იყოს შენარჩუნებული.
ამიტომაც, ჩვენ თუ არ ვართ მშვიდად, ქოციც არ არის მშვიდად და კიდევ უფრო მეტად არ არიან მშვიდად, ვიდრე ჩვენ, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები მაინც ვართ.
ცალკე თემაა, რატომაა საზოგადოების ნაწილი პასიური: ალტერნატივა არ ჩანს, აპათია იზრდება. მარცხის სინდრომის კულტივირებაში, ხელჩაქნეულობაში ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს ივანიშვილის რეჟიმი, იმაში, რომ აპათია გაჩნდეს.
- ამ ყველაფრის პირისპირ წუხელაც იგრძნობდა სოლიდარობა, მაგალითად, სინდისის პატიმრის, თორნიკე სხვიტარიძის ძმა სოლიდარობის ნიშნად გლდანის ციხიდან რუსთავის ციხესთან გადავიდა, აქ ქალი პატიმარია და იქნებ ის მაინც შეიწყალონო…
დიახ, სწორედ სოლიდარობით არის ჩვენი პროტესტი ძლიერი, ჩვენთან არის სოლიდარობის და მხარდაჭერის წარმოუდგენელი მაგალითები. ამით ვართ ბედნიერი და ეს გვაცოცხლებს პირდაპირი მნიშვნელობით.
ჩვენ ვხედავთ, რა არის მათი სოლიდარობა: ღარიბაშვილები, ლილუაშვილები და მთელი მათი მინისტრები, რომელთაც ასე პანტაპუნტით ყრიან ციხეში – ერთი კაცი არ მიდის მათ სასამართლო სხდომაზე. ისევ და ისევ ქართულ ტრადიციებშია ის, რომ ვინმე ნათესავი მაინც იჯდა სასამართლოზე, ყოფილი მდივანი მაინც. ეს არის ამორალურობის და მექანიკურობის ფაბრიკა.
აქეთ კი, არის ხალხი, რომელიც აძლიერებს და ამაგრებს ერთმანეთს თავისი დიდი მორალური იმპერატივებით. იქეთ მხარეს სრულ არარაობებს ვხედავთ, დაცლილებს ინდივიდუალიზმისაგან, ზნეობისაგან.
ფსიქოლოგიაში არის ასეთი ცნება, რომ განწყობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მოლოდინები სხვა რამეა. განწყობა კარგი უნდა გქონდეს, მაგრამ მოლოდინები არ უნდა შეიქმნა.
არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მზია რახან ქალია, მას შეიწყალებენ. ამათთვის ეს არ არსებობს. მზია მათთვის არის პრობლემა და ჯობია, განადგურდეს. აი, ასე პირდაპირ! მაგრამ ეშინიათ, რომ ეს უფრო დიდი საფასური არ აღმოჩნდეს ივანიშვილისთვის.
„ადამიანები დალეწეთ, მაგრამ არ მოკლათ“ – შარშან დეკემბერ-იანვარში ეს იყო ხომ მათი ბრძანება, როცა „მინივენებში“ ადამიანებს სისხლს ანთხევინებდნენ, მაგრამ არ კლავდნენ. ბრძანება რომ ყოფილიყო, მოკალითო, მოკლავდნენ კიდეც, მაგრამ უფრო საშიშია საქართველოში ზღვარის გადასვლა: კაცმა არ იცის, მერე მართლაც რა შეიძლება მოხდეს.
1989 წლის 9 აპრილის დილას საბჭოთა კავშირი საქართველოში უკვე დამთავრებული იყო და ამ დროს პირიქით ეგონათ. ამიტომაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია ამ დროს, თქვენი აზრით, როცა დე ფაქტო ხელისუფლება კანონს და მორალს მიღმა მოქმედებს?
მოგეხსენებათ, რომ სოციალურ ქსელებში, სახელდობრ, ფეისბუქში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პლატფორმა, განწყობის კონსტრუირება ძალიან ადვილია: იმას ვიჯერებთ და ვხედავთ, რისი დანახვა და დაჯერებაც გვინდა. ალგორითმი განაპირობებს ჩვენს განწყობებს იმგვარად, რომ როდესაც ეს არ მართლდება, უარეს აპათიაში ვვარდებით. ამიტომაც, მართვა უნდა ვისწავლოთ.
„ბათუმელები“ კარგი და სანდო გამოცემა არამხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის გადამოწმებულ ინფორმაციას ავრცელებთ და მადლობა ღმერთს, ასეთი რამდენიმე მედია საქართველოში არსებობს, არამედ განწყობასაც სწორად აყალიბებს. ტრადიციული, კარგი მედია ამიტომაა მნიშვნელოვანი.
ყველას გვახსოვს, სასამართლო პროცესებზე მზიას ეჭირა ხელში მარია რესას წიგნი – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. ბევრმა გადააზიარა ეს, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა, რამდენმაც ეს ფოტო დადო, იმდენს წაეკითხა მარია ეს წიგნი, რომელიც სწორედ ამაზე წერს: შეიძლება ტრადიციული მედია კი არა, საერთოდ დემოკრატია, თავისუფლება გაუქმდეს ალგორითმების პირობებში, რომელიც ჩვენ არარეალურ განწყობებს აყალიბებს.
რამდენი ასეთი მოლოდინი გაჩნდა თუნდაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოში, საქართველოში? ეს „ნგრევა“ საბოლოოდ ბრძოლაზე აისახება, იბნევი ასეთ რეალობაში და იკეტები. აი, ესკაპიზმიც აქედან ჩნდება – მიმდინარე პროცესებიდან გათიშვა გინდა იმიტომ, რომ მოტყუვდი, არ დაემთხვა შენი მოლოდინი რეალობას, ირჩევ იმ კუთხეს, სადაც თერაპიული დოფამინის მიღების შესაძლებლობა უფრო გაადვილდება და ასე შემდეგ.
არ გამიგოთ, რომ ვიღაცას მივმართავდე: პირველ რიგში, საკუთარ თავს ვგულისხმობ, იმიტომ, რომ მეც ამ სამყაროს მძევალი ვარ. საკუთარი მოლოდინების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. განწყობა არ არის არგუმენტი. აი, გავბრაზდი და ამიტომ მართალი ვარ, ან გამიხარდა და ამიტომაც ასე მოხდება – ეს არ არის არგუმენტი.
- ბოლოს წინააღმდეგობაზე მინდა გკითხოთ: თქვენი აზრით, სად არის ყველაზე მეტად დღეს წინააღმდეგობის გადარჩენის და მისი გაძლიერის რესურსი?
საკუთარი რესურსის გაფრთხილებასა და სწორად გამოყენებაში. ეს სერიოზული ბრძოლაა და გვჭირდება ფსიქიკური და ფიზიკური რესურსი, ინტელექტუალური რესურსი, რომ გავძლოთ.
გავძლოთ იმიტომ, რომ დადგება მომენტი, როდესაც ეს ყველაფერი დაემხობა. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერად ამ დროს.
ფოტოზე – ლაშა ბუღაძე; მზია ამაღლობელის ძმა, მალხაზ ამაღლობელი რუსთაველის ქალთა ციხესთან – ფოტო: Mo Se




