“ლარის კურსის ამჟამინდელი მდგომარეობა და დინამიკა სტაბილურობის მანიშნებელია”, – ასე ფიქრობს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე, რომელმაც მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ლარს გამყარებაში ტურიზმიდან შემოსავლები ძალიან ეხმარება. მისივე თქმით, ზაფხულში ლარი ყოველთვის მყარდება ხოლმე, წელსაც ასეთივე მოცემულობას უნდა ველოდოთ, რადგან, მისივე შეფასებით, ქვეყანაში ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები არ შეცვლილა.
„ზოგადად, მაისიდან ტურისტული ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება. ის, რომ თბილისის ქუჩებში ახლაც ბევრი ტურისტი მოძრაობს, ცხადია, ლარის გამყარებისთვის პოზიტიური ფაქტორია, რადგან უფრო მეტი ვალუტა შემოდის. დღეს ლარის ფასი სტაბილურია და ეს კარგია, რადგან არც ძალიან გამყარებული ვალუტა ვარგა, ეს ექსპორტზე პირდაპირ აისახება“, – ამბობს ცუცქირიძე და ამატებს, რომ პოლიტიკური ფაქტორი ამ ეტაპზე ლარზე არ მოქმედებს. ექსპერტი ეკონომიკური კრიზისის ვერანაირ ნიშანს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ამ თემაზე ზოგიერთი ანალიტიკოსი არასწორ ინტერპრეტაციას ცდილობს.
“რაც შეეხება ასევე აპელირებად პოლიტიკურ არასტაბილურობას, პირდაპირ ვიტყვი, რომ რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს 3-4 საათით რომ იკეტებოდეს, ეს ეკონომიკაზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს. ასევე, არასწორი შეფასებებია ექსპერტებისგან, ალბათ, უფრო ოპოზიციური სპექტრიდან, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. ვიცით, რომ გასულ წელს 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, წლევანდელ პირველ ორ თვეშიც საერთოდ – 11%-იანი… თუ, ამ ფონზე, ტემპი ოდნავ შენელდება, თქვენი აზრით, არის ეს იმის საფუძველი, რომ ეკონომიკურ კრიზისზე აქცენტირება დავიწყოთ?! ეს ხომ ალოგიკურია“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.
ოპტიმისტური პროგნოზი აქვს ეკონომისტ ნიკა შენგელიასაც. მისი ვარაუდით, უახლოეს 3-4 კვირაში დიდად ცვლილებებს არ ველოდები. ლარი, დოლართან მიმართებით, კვლავ სტაბილური იქნება – 2.74-დან 2.77 ფარგლებში, რადგან, შენგელიას შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა და ლარის კურსი ამ ეტაპზე თითქმის სრულად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული.
როგორც „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა შენგელია ამბობს, დოლარის დასუსტება ტრამპის სატარიფო პოლიტიკის შედეგია.
ჩვენი ეკონომიკა და ლარის კურსი ამ ეტაპზე თითქმის სრულად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. თუ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს გადავხედავთ, უახლოეს 3-4 კვირაში დიდად ცვლილებებს არ ველოდები. ლარი, დოლართან მიმართებით, კვლავ სტაბილური იქნება – 2.74-დან 2.77 ფარგლებში. ცხადია, ლარის დოლართან გამყარება-დასტაბილურების ტენდენცია, დოლარის ინდექსის საგრძნობი კლებით არის გამოწვეული. დოლარის დასუსტება კი პრეზიდენტ ტრამპის ტარიფების გამოცხადების შედეგია,” – ამბობს ნიკა შენგელია.
შეგახსენებთ, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, დარწმუნებულია, რომ მისი ეკონომიკური გეგმა აშშ-ის დოლარის ღირებულებას გაზრდის.
