„არც მოდიფიცირებას და არც გადავადებას ექვემდებარება, იგი უბრალოდ უნდა გაუქმდეს” – თამაზ დაუშვილი

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, რომ „რუსული კანონი” მოდიფიცირებას არ ექვემდებარება და ის უბრალოდ უნდა გაუქმდეს, დაუშვილი კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს საკითხის გაანალიზებას სთხოვს და წერს, რომ იხელმძღვანელონ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
„კანონი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზებას ახდენს, აბსოლუტურად არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩემი აზრით, იგი არც მოდიფიცირებას და არც გადავადებას ექვემდებარება. იგი უბრალოდ უნდა გაუქმდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რითმს. მოვუწოდებ და უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ვის ხელშიც არის ამ საკითხის მოგვარება, კიდევ ერთხელ გააანალიზოთ, თუ რამდენად სერიოზულად არის საქმე და იხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამას ელის თქვენგან ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი სამშობლო გააგრძელებს ევროპისკენ სვლას“, – წერს თამაზ დაუშვილი.