„არც მაკაო ვართ, არც ლას-ვეგასი – პატარა ღარიბი 3-მილიონიანი ქვეყანა ვართ, სადაც აზარტული ბიზნესის 76 მლრდ ლარიანი ბრუნვა გვაქვს“

„ჩვენს ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი არის საკმაოდ ლობირებული, მიუხედავად მკაცრი რეგულაციებისა“, – ამის შესახებ „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” პრეზიდენტმა თამარ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობას რომ არ აწყობდეს სათამაშო ბიზნესისთვის „ფრთების შესხმა“, თამბაქოს ბიზნესის მსგავსად, აქტიური მოქმედებები სათამაშო ბიზნესზეც დაიწყებოდა.
„3-მილიონიან ქვეყანაში გვაქვს 77 მილიარდამდე ლარი [აზარტული ბიზნესის ბრუნვა]. პასუხისმგებლიან ქვეყანაში (ახლა სიჩუმე რომ არის მთავრობაში) გამოვიდოდნენ: ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, ეროვნული ბანკი, ბიზნესომბუდსმენი, თვითონ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლობა და საზოგადოებას მიაწვდიდნენ სწორ, გამჭვირვალე, სტატისტიკურ მონაცემებს. ჩვენ მთლიანობაში ვამბობთ, რომ არის 77 მლრდ ლარი, მაგრამ რამ მოიტანა ეს 77 მლრდ ლარი ამ ღარიბ ქვეყანაში?!
ჩვენს ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი არის საკმაოდ ლობირებული, მიუხედავად მკაცრი რეგულაციებისა. ლობირება გამოიხატება იმაში, რომ დღემდე ბრდღვიალებს „შანგრილას“ კედლები. კანონით განსაზღვრულია 10 კვადრატული მეტრი მხოლოდ წარწერა და არა ელექტრონული გასხივოსნებული კედლები. ლობირება გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ გვაქვს სათამაშო ბიზნესის კოლოსალური ბრუნვა. ლობირება გამოიხატება იმაში, რომ სოციალურ ქსელებში უკვე გაჩნდა ონლაინ აზარტული თამაშობების რეკლამები.
მთავრობას რომ არ აწყობდეს სათამაშო ბიზნესისთვის „ფრთების შესხმა“, დამიჯერეთ, როგორც თამბაქოს ბიზნესზე წავიდა, აქტიური მოქმედებები და გამოვლინდა [კონტრაბანდა] ასევე უნდა გამოვლინდეს სათამაშო ბიზნესზეც.
რატომ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ მაღალჩინოსნების ჩართულობა სათამაშო ბიზნესში, როდესაც ჩვეულებრივი საჯარო მოხელე, სკოლის ბუღალტერი 2 მლნ ლარს გადარიცხავს სათამაშო სექტორში. ეს ხომ პირველი არ არის?! გასულ წლებში, გორის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმაც ანალოგიური ქმედება ჩაიდინა. ვინ გამართლდა, ვინ გამტყუნდა, ვინ დგას მის უკან, საზოგადოებისთვის არის ინფორმაციული ვაკუუმი სათამაშო ბიზნესთან მიმართებით,“ – განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, საზოგადოების ჩართულობის გარეშე, აზარტული თამაშებით გამოწვეული ზიანი ვერ შემცირდება.
„თუ საზოგადოება იქნება ჩუმად, აბსოლუტურად არაფერს გააკეთებს არც სათამაშო ბიზნესი და არც სახელმწიფო. არ შეიძლება ორი, ხუთი ან ოცი ადამიანის შემართებით მონსტრი ბიზნესი დაიძლიოს. ჩვენ არც მაკაო ვართ და არც ლას-ვეგასი, ერთი პატარა ღარიბი ქვეყანა ვართ. აბა წარმოვიდგინოთ, რამდენი მილიონერი ჰყავს ჩვენს ქვეყანას და რითი ვმდიდრდებით?!“, – აღნიშნა თამარ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვამ 2024 წელი მორიგი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა. გასული წელი სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 76.155 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 12.161 მლრდ ლარით მეტია 2023 წელთან შედარებით.
bpn.ge